"ანგარიშს არც მეჭიაურს და არც ტყემალაძეს არ ვაბარებ"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ის თავის ანგარიშს აბარებს ქართველ ხალხს და არა მეჭიაურს და ტყემალაძეს.

ქადაგიძის თმით, ქვაყანაში იმპორტი შემცირება თავისთავად კარგი არ არის, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ლარის დევალვაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის ვალუტის კურსზე დადებითად აისახება.

„2015 წლისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ გვქონდა დისბალანსი სავალუტო შემოდინებასა და გადინებას შორის, დაახლოებით მილიარდი დოლარის ოდენობით, დღეს 2.4 კორიდორის კურსში ეს დისბალანსი არმოფხვრილია და შესაბამისად, იმპორტია შემცირებული. იმპორტის შემცირება თავისთავად არ არის კარგი, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის მოხმარება შემცირდა, მაგრამ კურსზე მოქმედი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის დადებითად მოქმედებს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის თქმით, მისი პარლამენტში გამოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, მნიშვნელოვანია, რადგანაც უნდა გაანალიზდეს, თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, რა წარმატებები იყო და ასევე, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს მოქმედებები, რათა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები დაიძლიოს.

„რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერსო ამ ანგარიშის მოსმენა და ამ თემებზე საუბარი. მე მინდა მარტივად ვთქვა, რომ მე არ ვაბარებ ანგარიშს არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს. მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას, რომელსაც აინტერესებს კითხვაზე პასუხის გაცემა. კითხვაზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავაანალიზოთ სად გვქონდა წარმატება, სად გვქონდა წარუმატებლობა, სად დავუშვით შეცდომები და რაც მთავარია, სად და რა მიმართულებით გვინდა განვვითარდეთ და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც დღეს ქვეყანას გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.