პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირველი პირების დონეზე დიალოგი აუცილებელია.
როგორც კვირიკაშვილმა დღეს "ქარვასლაში" მთავრობის ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დადებითად არის განწყობილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზად არის.
"დიალოგი ყველა შემთხვევაში აუცილებელია. დიალოგისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზაობა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.