„ლარის კურსის სტაბილიზაცია უახლოეს პერიოდში მოხდება“

„ლარის კურსის სტაბილიზაცია უახლოეს პერიოდში მოხდება“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამას აქვს სხვა ბევრი უაყოფითი მხარე - მათ შორის ბრუნვების, კერძო სექტორში აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის შემცირება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ კურსის 2.4 კორიდორში, იმპორტი უკვე იმ დოზით და რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები დაბალანსებულია. მეორე ფაქტორი ასევე, გახლავთ ფულის მასა. მოგეხსენებათ, ჩვენ მასიმალურად შევზღუდეთ ფულის მასა, ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს, შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე, გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი აღნიშნულ კორიდორს დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭირობეის შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის კურსის სტაბილიზაციის რეცეპტი არაა.

"ამას აქვს სხვა ბევრი უაყოფითი მხარე. მათ შორის ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში აქტივობის შემცირება და შემცირება ეკონომიკური ზრდის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საფუძლიანი გადაჭრა ამ პრობლემის და ჩვენი მოსახლეობის რეალური შემოსავლის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების ზრდასთან, ექსპორტის ზრდასთან, ტურიზმის შემოსვალების ზრდასთან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს საფუძვლიანი მსჯელობა და ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა არის ამისთვის ძალიან სწორი და ადექვატური ადგილი. იმედს გამოვთქვამ რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ამის განხილვა“, - განაცხადა ქადაგიძემ.