პანკისის ხეობიდან არანაირი ტერორისტული რისკი არ მომდინარეობს

პანკისის ხეობიდან არანაირი ტერორისტული რისკი არ მომდინარეობს

არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

კვირიკაშვილმა ისაუბრა ლავროვის განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას, ასევე პანკისის ხეობას შეეხებოდა.

"რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მნიშვნელოვანი წინაპირობები აქვს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად იღებს. რაც შეეხება იმას, თუ რა განცხადებები გაკეთდა ამის გარდა, მინდა პოზიტივზეც ვისაუბრო, რომ ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ლავროვის განცხადების იმ ნაწილზე, რომელიც პანკისის ხეობაში არსებულ საფრთხეებს შეეხებოდა.

"საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს ჩვენს იმ რეგიონებზე, სადაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ კონტროლს. არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის, იქიდან არის რამდენიმე ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.