პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემით არის გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზები არ გააჩნია.
შესაბამისი კომენტარი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.
"ის რაც დღეს არის - დევალვაცია, პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამცროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები", - განაცხადა გიოირგი კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში რა მექანიზმები არსებობს ლარის დასასტაბილურებლად, კვირიკაშვილის თქმით, "დღევანდელ დღეს რა დევალვაციაც არსებობს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციის პირდაპირი ეფექტია".
"ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია, რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.