მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო პრემიერ-მინისტრთან

მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო პრემიერ-მინისტრთან

მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, მეტი გახსნილობა წინაპირობაა საქართველოში ევროპული კულტურის დაფუძნების.

"შარშან ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ იმაში, რომ შეგვექმნა ფორუმი, რათა მომხდარიყო კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით. მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, არის წინაპირობა ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების საქართველოში. ასეთი დისკუსიები რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს, ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტებზე აწევას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან საარჩევნო საკითხზე შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, გუშინ აღნიშნული ჯგუფის წევრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. აუდიენციის ფარგლებში მხარეები საარჩევნო საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.