ყველა პარტიაშია კარგები და ცუდები, რეფორმატორები და რეტროგრადები, თამამი და ლოიალური ხალხი, განათლებულები და ნაკლებად განათლებულები, - ასე ეხმაურება დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კრიტიკას, რომელიც "ქართული ოცნების" მისამართით პარტიის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა "რუსთავი2"-თან საუბარში გამოხატა.
ამასთან, ქუცნაშვილის აზრით, ყველა ერთ ჭრილში არ უნდა "მოიხარშოს".
"ცუდები და კარგები ყველგან არიან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენთან ყველა კარგია ან ყველა ცუდია. ვფიქრობ, რაც არ უნდა რთული იყოს, იმ ადამიანების იდენტიფიცირება უნდა მოახდინო, რომელი ადამიანებიც ასეთი სერიოზული ბრალდების ქვეშ არიან – არ შეიძლება ყველა ერთ ჭრილში მოვხარშოთ. დიახ, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში არიან კარგები და ცუდები, არიან რეფორმატორებიც და რეტროგრადები, არიან თამამი ხალხი და ლოიალური ხალხიც, არიან განათლებულებიც და ნაკლებად განათლებულები. ამაში ახალს და განსხვავებულს ვერავინ იტყვის. არ არსებობს პოლიტიკური გაერთიანება, სადაც ყველა რეფორმატორი, თამამი, გამოცდილია. პოლიტიკურ გაერთიანებას ასეთი რამ ახასიათებს, რომ იქ საჭიროა სტუდენტიც და პროფესორიც", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.