აჭარისა და გურიის რეგიონებში დიდთოვლობის გამო ავტოტრასნპორტის მოძრაობა გართულდა

აჭარისა და გურიის რეგიონებში დიდთოვლობის გამო ავტოტრასნპორტის მოძრაობა გართულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე გადაადგილება გართულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.

უწყების ცნობით, აჭარის მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბობოყვათიდან ბათუმის შესასვლელამდე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს, აქ შემდეგი სახის რეჟიმებია დაწესებული:

ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.