დიმიტრის ავრამოპულოსი: ევროკავშირის საზღვრები არ დაიხურება

დიმიტრის ავრამოპულოსი: ევროკავშირის საზღვრები არ დაიხურება

ევროკავშირის საზღვრები არ დაიხურება, - ამის შესახებ ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი აცხადებს. როგორც ავრამოპულოსი ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, შენგენი ევროკავშირის უდიდესი მიღწევაა.

"შენგენი ევროკავშირის უდიდესი მიღწევაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ. ქვეყნებმა თავიანთი პასუხისმგებლობები უნდა შეასრულონ", - აღნიშნავს ევროკომისარი. დიმიტრის ავრამოპულოსი მედიასთან საუბრისას ასევე აცხადებს, რომ თუ შენგენი დაიშლება, მაშინ მთელი ევროპული კონსტრუქცია ჩამოიშლება.

მისივე თქმით, მიგრაციის კრიზისი არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ევროკომისარი ასევე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის ახალი სამსახური.

"შენგენის ზონის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირმა უფრო ეფეტური კონტროლი უნდა დააწესოს საზღვრებზე", - აღნიშნავს დიმიტრის ავრამოპულოსი, რომელიც უარყოფს ინფორმაციას საბერძნეთის შენგენის ზონიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ და აცხადებს, რომ მსგავსი რამ ევროკავშირის გეგმებში არ არის.