"ჩვენ იმ პროექტების პრიორიტეტიზაციას ვახდენთ, რომლებიც თითოეულ სამინისტროს გააჩნია"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს იმ პროექტების პრიორიტეტიზაცია, რომლებიც თითოეულ სამინისტროს გააჩნია.

როგორც კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნული პრიორიტეტიზაცია  რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება. უმთავრესი კი, სამი კრიტერიუმი გამოყო: საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმიწფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა.

“ჩვენ ახლა ძალიან შრომატევად პროცესს გავდივართ, ყველა სამინისტროს პორტფელს ყველა მინისტრი იხილავს, ანუ ერთი მინისტრის პრეზენტაცია ხდება ყოველდღიურად. ჩვენ იმ პროექტების პრიორიტეტიზაციას ვახდენთ, რომლებიც თითოეულ სამინისტროს გააჩნია და ალბათ უახლოეს პერიოდში გვექნება ფართო პრეზენტაცია, მთლიანობაში ყველა სამინისტროს განხრით, თუ რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად. პრიორიტეტიზაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება. უმთავრესი სამი კრიტერიუმია - საზოგადოებისთვის აქტუალობა, ესაა რესურსების არსებობა და სახელმიწფო  განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. სამიდან  ხუთ პრიორიტეტამდე ვირჩევთ თითოეული სამინისტროსთვის და ეს მთლიანობაში შემდეგ უკვე  მთავრობის პროექტების ერთ პორტფელად აიკინძება. ყველა ამ პროექტებიდან, შემდეგ მთავრობა ამოირჩევს უმთავრესს, სამიდან 5 პრიორიტეტამდე უკვე მთავრობის მასშტაბით და ეს  პროცესი, ალბათ, უახლოეს ერთ თვეში დასრულდება. ორი შეხვედრა ტარდება თითოეული სამინისტროს მიმრთულებით და პირველ შეხვედრაზე ხდება პორტფელის განხილვა, ხოლო შემდეგ ვახდენთ ყველაზე აქტუალური პროექტების გამოყოფას და მეორე შეხვედრაზე გვექნება იმ პოლიტიკური პასუხების განხილვა, რა გამოწვევებსაც ჩვენ ყველაზე უფრო მაღალ პრიორიტეტებად ჩავთვლით. მე მგონი, ძალიან საინტერესო პროცესია.ამ პროცესში ჩართული გვყავს საპარლამენტო წარმომადგენლობაც და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გვექნება თქვენთანაც ამ პრიორიტეტების განხილვა. თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი მიზანი სწორედ არის ის, რომ საზოგადოება იყოს ჩართული მთლიანად ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.