მოლდოვას პრემიერი დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს

მოლდოვას პრემიერი დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს

მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, რომელიც გასულ კვირას ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელად დაამტკიცეს, უარს აცხადებს, დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 

"ბიბისის" ცნობით, იგი გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური პრობლემებია, ამიტომაც ახალი არჩევნების ჩატარების დრო არ არის. 

"თუ ჩვენ დღეს გადავგდებით, პარლამენტს სამი თვე მიეცემა ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ოთხი თვის განმავლობაში პოლიტიკოსებმა მთავრობაში ადგილებისთვის უნდა იბრძოლონ. შესაძლოა, ჩვენ აღმოვჩნდეთ ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში. ამასთან შესაძლოა, ქვეყანამ ოთხი თვის განმავლობაში ხელფასებისა და პენსიების დარიგებაც ვერ შეძლოს", - განაცხადა პაველ ფილიპმა. 

მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა და ახლად დამტკიცებული მთავრობის გადადგომა მოითხოვა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პრემიერ ფილიპს გავლენიან ოლიგარქებთან აქვს კავშირი. 

"გვესმის, რომ ადამიანები აღარ დაიჯერებენ პოპულიზმს. მე ვთხოვ დემონსტრანტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. განსაჯეთ ხე არა მისი ფესვებით, არამედ ნაყოფით", - განაცხადა პაველ ფილიპმა. 

მისივე თქმით, ის მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ, დაისჯებიან. 

მოლდოვა პოლიტიკური კრიზისის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასული წლის იანვარში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა მოლდოვას ბანკებიდან გაქრა. სწორედ ამის შემდეგ გახდა აუცილებელი გადაეყენებინათ ძველი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო.