თედო ჯაფარიძე - საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი

თედო ჯაფარიძე - საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს არ ეთანხმება, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. 

როგორც ჯაფარიძემ ასამბლეაზე დებატებისას განაცხადა, უგულავა დამნაშავედ ცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად გამოყენების გამო, საქართველოში კი კანონზე მაღლა არავინ დგას. 

"პრეზიდენტმა აგრამუნტმა თავისი გამოსვლისას ერთი ქართული სახელი ახსენა და ის პოლიტპატიმრად შეაფასა. ეს ადამიანი საქართველოში დამნაშავედ ცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ გამოყენებაში. გაინტერესებთ, მიხარია თუ არა რომ ეს ადამიანი ციხეშია? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. რადგან საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი, რომელსაც ხელს ნებისმიერი წამოარტყამს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს მნიშვნელოვანია ყოველთვის, მაგრამ არჩევნების წელს განსაკუთრებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის სიტყვით გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო აგრამუნტმა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას გუშინ "პოლიტპატიმარი" უწოდა. ამგვარად აგრამუნტმა უგულავა ასამბლეაზე, საინაუგურაციო სიტყვისას მოიხსენია.