ჩვენ გვაქვს უკვე შექმნილი ცვლილებათა პროექტი, რაც დახვეწს იმ პროცედურებს, რის შედეგადაც საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე, რომელსაც უბრალოდ სჭირდება დრო, განსხვავებული აზრი შეადგინოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს უპასუხა, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ გიგი უგულავას და "რუსთავი 2"–ის საქმეების განხილვის შემდეგ გადაწყვიტა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება.
"ამ ცვლილებით ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე, გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება და იძახოს, რომ ეს არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. ვეღარ შეძლებს, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე მოსამართლე, გაიხანგრძლივოს თავისი ვადა ხელოვნურად", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ეს ცვლილებები მზად არის და 2-3 კვირაში საჯაროდ წარდგება მთავრობის წინაშე.