ძალიან კარგი იქნებოდა თუ ყველა, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, როდესაც პოზიტიური რეფორმა ხორციელდება, ხელი კი არ ავუქნიოთ, არამედ ჩამოვართვათ, მივესალმოთ , - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის კრიტიკას.
როგორც წულუკინმა განმარტა, თუ პარლამენტი მათ პოზიციას გაიზიარებს, შემოდგომიდან ვერც ერთი სამინისტრო ვერ შექმნის თავის ტეროტორიაზე სპეცუბანს.
"მაგალითად, მუხროვანში ვერ შეიქმნება სპეცუბანი. იმ ტერიტორიაზე და ვერც ერთ სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე ვერ გაიმართება არჩევნები. იმ ადამიანებს, ვინც იქ იქნებიან არჩევნების დღეს, მიეცემათ საშუალება წავიდნენ შინ, რეგისტრაციის ადგილას და იქ მისცენ ხმა. ერთი გამონაკლისი იქნება დაშვებული, რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ მისცემს მაჟორიტარობის კანდიდატს ხმას მაგალითად საგარეჯოში, თუ ის არის მესტიიდან და დგას საგარეჯოში წელიწადზე ნაკლები ვადით. თუკი არის წელიწადზე მეტი, მას მიეცემა უფლება თავის აზრი გამოთქვას.
რაც შეეხება ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მათ ვერ ჩამოვართმევთ ხმის უფლებას. ამიტომ, გამონაკლისი იქნება საზღვარგარეთ მყოფი სამხედროები და იქ არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "საარჩევნო კოდექსიდან" ამოდის სიტყვა "და სხვა". "ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამთ, როდესაც ამოგვაქვს კოდექსიდან ის ჯადოსნური სიტყვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვერაფრით ვერ ამოვიღეთ და შემდგომაც რატომღაც პარლამენტში ამის ინიცირება არ მოხდა. ამას ვაკეთებთ ჩვენ, მთავრობა. ამოგვაქვს კოდექსიდან ჯადოსნური სიტყვა "და სხვა". კოდექსში აქამდე ეწერა, რომ სპეცუბნები შეიძლება შეიქმნას, იყო სია და ბოლოში ეწერა "და სხვა". ეს "და სხვა" რა იყო, არავინ იცოდა და არც მთავრობას სურდა, ჩვენამდე, ამის გაუქმება", - განაცხადა წულუკიანმა.