რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტრომომარაგება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღუდგებათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონის გუბერნატრომა პარმენ მარგველაძემ განუცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია.
მისივე განმარტებით, რეგიონში მუშაობს საგანგებო ჯგუფი, შექმნილია ცხელი ხაზი, სადაც რეგიონის ყველა მცხოვრებს შეუძლია დარეკოს.
"უხვი ნალექის მოვიდა, განსაკუთრებით ზემო რაჭის მიმართულებით. მუშაობს საგზაო ტექნიკა, მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობები, ვიღებთ ინფორმაციას და ვახდენთ მასზე რეაგირებას. გახსნილი გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ ადამიანას შეუძლია დაგვიკავშირდეს და მოგვაწოდოს არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
გუშინ თითქმის ყველა სოფლის მიმართულებით გზა გახსნილი იყო. საღამოს ონი-ღების საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე ადგილას მოხდა ზვავის ჩამოწოლა და გზა ისევ დაიკეტა. დღეს დილიდან კვლავ დაიწყო გაწმენდვითი სამუშაოები და 12:00 საათისთვის მოძრაობა აღდგა.
გვქონდა შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამუშაოები და ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება პერიოდულად აღუდგება", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.
მარგველიძის თქმით, სწავლის პროცესი არც ერთ სოფელში არ შეფერხებულა.
"ამ დროისთვის 250-მდე აბონენტს რაჭაში ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო ლეჩხუმში დაახლოებით 100 აბონენტს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და იგეგმება, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელს დღის ბოლომდე აღუდგეს",-განაცხადა პარმენ მარგველაძემ.