სამწუხაროდ არ წყდება რუსთავი 2-ის მიერ წამოწყებული პოლიტიკურად მიკერძებული კამპანია, რომელიც ცალსახად მთავრობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და მოვლენების დამახინჯება... ეს არის ის რაც შეიძლება ვუწოდოთ 23 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს ენერგეტიკული პროექტების შესახებ.
„ფურცელზე დაწყებული პროექტები“ და პრობლემების კასკადი, ეს არის ის რაც ჩვენს მთავრობას 2012 წლის ბოლოს მემკვიდრეობით ერგო, თუმცა წინა ხელისუფლების საამაყო ინსტრუმენტად იყო ქცეული. ვითომდა დაწყებული “ნენსკრაჰესის” და გაზსაცავის პროექტები ინვესტორის და დაფინანსების გარეშე ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. “ნამახვანჰესების” კასკადის პროექტის მოლაპარაკებები თურქულ-კორეულმა კონსორციუმმა 2012 წლის ზაფხულში წარუმატებლად დატოვა. 2009-2011 წელს წელს ვითომდა დაწყებული პროექტები სწორედ რომ არასწორი საინვესტიციო პოლიტიკის და არასწორი მოლაპარაკებების შედეგად წლების განმავლობაში გაჩერებული იყო. არ დაწყებულა “ნენსკრაჰესის” პროექტის მშენებლობა და რათქმაუნდა 2015 წელს ვერც დასრულდებოდა, არ დაწყებულა გაზსაცავის პროექტის განხორციელება და რათქმაუნდა 2015 წელს ვერ დასრულდებოდა, ვერ შედგა მოლაპარაკებების ნამახვანის პროექტის განხორციელებაზე, დაფინანსების გარეშე იყო დარჩენილი “შუახევიჰესის” და “სხალთაჰესის” პროექტები. სხვა პრობლემებთან ერთად დაფინანსების პრობლემა ჰქონდა და შეჩერებული იყო “დარიალიჰესის” პროექტი. სიცრუის მატარებალია ასევე კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელ 100 მილიონის ოდენობით ინვესტიციაზე მთავრობის მხრიდან უარის თქმა. ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2007 წელს დაიდო, რომელიც ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. 2013 წლამდე არასდროს გადადგმულა პრაქტიკული ნაბიჯი „ხუდონჰესის“ პროექტის განსახორციელებლად.
მთავრობის უკანასკნელი 3 წლიანი მუშაობის შედეგად დაფინანსება მოიპოვა “შუახევის” და “სხალთას” პროექტებმა. ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთო მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი TATA ჯგუფი, დაფინანსება გამოჰყვეს მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა EBRD, IFC და ADB-მ, სადგურების მშენებლობა შეუჩერებლად მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის შემოდგომას დასრულდება. დაფინანსება მოიპოვა „დარიალიჰესის“ პროექტმაც რომელიც ასევე შეუჩერებლად მიმდინარეობს და წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. ამის შედეგად ქვეყნის ენერგეტიკაში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. მოლაპარაკებები შედგა და ხელშეკრულება დაიდო ინვესტორთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობაზე რომელიც გასული წლის შემოდგომას პირველად დაიწყო და მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად სამშენებლო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება გაზსაცავის პროექტის განხორციელება, რაც 2009 წლიდან 2013 წლამდე საუბრის დონეს არ გასცდენია. მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა „ხუდონჰესის“ პროექტის ფარგლებშიც, სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ შეიცვალა ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები, შედგა შეხვედრები და კონსულტაციები მოსახლეობასთან და პროექტის განხორციელებაც ახლო პერიოდში დაიწყება. 2013 წელს მოსახლეობას შეუმცირდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ტარიფები რის შედეგადაც მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო.
ეს არის იმ სიახლეების და პროექტების პერმამენტულობა, რომელიც ქმნის ქვეყნის კეთილ მომავალს, უქმნის საფუძველს ეკონომიკურ და სოციალურ აღმავლობას. ამის დეზინფორმაციით განეიტრალებას და დამახინჯებას ცდილობენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, თავისი პარტიული ინტერესების სანაცვლოდ და შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.
გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს შეწყვიტოს მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ! ამ კონკრეტულმა მედია საშუალებამ თავისი პროფესიონალიზი არა რომელიმე პარტიის სამსახურში უნდა გამოავლინოს, არამედ როგორც საერთაშორისო მედიასტანდარტი მოითხოვს - უნდა სწორი, დროული და ამომწურავი ინფორმაცია მოიპოვოს და მიაწოდოს მოსახლეობას.