რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა აეკრძალა

რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა აეკრძალა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მმართველმა კომიტეტმა შეათანხმა პრეზიდენტ ანნ ბრასერის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის უფლება არ ექნება.

როგორც PACE-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის დელეგაციას ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა, რუსეთის პარლამენტის ახალ არჩევნებამდე ექნება ჩამორთმეული.

ამის შესახებ ანნ ბრასერმა სტრასბურგში, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიული პოზიცია, რომელიც მან რუსეთს ერთი კვირის წინ გაუგზავნა, რომელიც ითვალისწინებს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს საკუთარი დელეგაციის ფორმირებას წლის ბოლომდე, ძალაში რჩება.

„გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ არჩევნებია. რუსეთში არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი“, - აღნიშნა ბრასერმა და რუსეთის სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციას იურიდიული საფუძველი არ აქვს.

„კოსაჩევი თვლის, რომ მე ემოციურად ვრეაგირებ და რატომღაც თვლის, რომ ეს ჩემი ქალობის ბრალია. საქმე ეხება არა ემოციებს, არამედ წესებს. იურიდიულად სესია იანვარში იწყება და წლის ბოლომდე გრძელდება, ხოლო დელეგაციის შემადგენლობის წარდგენა მხოლოდ სესიის დაწყებამდეა შესაძლებელი. PACE-ს ბიურო დაგვეთანხმა ამაში“, - განაცხადა ბრასერმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ უარი განაცხადა ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეონის მიღებაზე, რითაც მან დაკარგა უფლება, 2016 წლის მანძილზე სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიეღო.