"ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე"

სს „ნამახვანი“ დაარსდა 2012 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განვითარების მიზნით. კომპანიის აქციათა მფლობელია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.“ ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე. პროექტი ითვალისწინებს ორი ელექტროსადგურის მშენებლობას, ჯამური დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა და ელექტროენერგიის წარმოების ზრდაა.

დღეისათვის სს „ნამახვანს“ მზად აქვს პროექტის საბაზისო დიზაინი, აღებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მიმდინარე თვეში მოსალოდნელია მშენებლობის პირობითი ნებართვის აღება. კომპანიის აქციონერმა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა, 2015 წლის 24 დეკემბერს, გამოაცხადა ინვესტორთა მოწვევა ინტერესთა გამოსახატად. დაინტერესებულ ინვესტორებს უფლება აქვთ წარადგინონ თავიანთი წინადადებები არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილისა. პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება.“

კანდიდატები შეირჩევიან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილების და ფინანსური რესურსის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისათვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი. გამარჯვებული ინვესტორი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.