სადღეისოდ არ არსებობს წინაპირობა, რომ

სადღეისოდ არ არსებობს წინაპირობა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში სხვა პარტიების გარეშე მიიღოს მონაწილეობა

გია ვოლსკი - სადღეისოდ არ არსებობს წინაპირობა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში სხვა პარტიების გარეშე მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მტკიცებით, სადღეისოდ არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში სხვა პარტიების გარეშე მიიღოს მონაწილეობა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, "ქართული ოცნების" ცალკეული წარმომადგენლების პირადი მოსაზრებებისა და პოზიციის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია, დღის წესრიგში "ქართული ოცნების" არჩევნებში დამოუკიდებლად, სხვა პარტიებთან კოალიციაში ყოფნის გარეშე მონაწილეობის საკითხი დადგეს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ეს იმ ტიპის საკითხია, რაზეც გადაწყვეტილების მიღება არა პერსონალური მოსაზრებების, არამედ ვითარების ღრმად შესწავლის საფუძველზე უნდა მოხდეს".

"მე ვიტყოდი ამ კუთხით – არის თუა არა რაიმე გამორიცხული ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში? როგორც პრაქტიკამ დამანახა, გამორიცხული არაფერია. გადაწყვეტილების მიმღები ხალხი, პოზიციებზე მდგომი კომიტეტისა თუ ფრაქციის ხელმძღვანელები ამ თემაზე შეიძლება მსჯელობდეს, საკუთარი პოზიციაც ჰქონდეს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტილების დონემდე მიყვანა აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებს და სხვა წინაპირობებს უნდა ექვემდებარებოდეს. ასეთი წინაპირობები დღეისთვის არ არსებობს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.