ვის უარი ეთქვა მაჟორიტარობაზე, ვინ ვის ჩაანაცვლებს და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, არავინ იცის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომელიც მომავალ არჩევნებში, ტყიბულში, ელისო ჩაფიძის ოთარ აბესაძით ჩანაცვლების თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ვოლსკი აღნიშნულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.
"გამორიცხულია ოთარ აბესაძისა და ელისო ჩაფიძის კანდიდატურების ასეთ კონტექსტში გაანალიზება. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ასე, რომ ვფიქრობ, ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ წინასაარჩევნოდ იყოს მეტი სკანდალი და დუღილის მეტი ტემპერატურა. ყველა საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ პირებზე საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ტყიბულს ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება, რადგან მოხდა ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და ამ ორ რაიონს ერთი მაჟორიტარი ეყოლება.