მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა

მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა

თეა წულუკიანის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელსაც თვითონაც ესწრებოდა.

"პრემიერ-მინისტრის წინაშე ინტერპარტიულმა ჯგუფმა დააყენა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარული სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლისთვის გაუქმდეს. დღეს ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ჩვენ მოვინიშნეთ ეს საკითხი. ვიცით, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო დაპირება, რომ ის მმართველი კოალიციის ფარგლებში, გუნდურ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ინტერპარტიულ ჯგუფთან "ძალიან საინტერესო" იყო.

"პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ მათთან შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ერთი მხრივ, ინტერპარტიულ ჯგუფს, ამ შემადგენლობით ან უფრო გაფართოებული შემადგენლობით, როგორც თავად გადაწყვეტენ და მეორე მხრივ, პრემიერს და მთავრობას საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები. ეს შეთანხმება შედგა და ალბათ, ჯგუფის შეხვედრაც უახლოეს მომავალში დაიგეგმება პრემიერ-მინისტრის გრაფიკის მიხედვით", - განაცხადა წულუკიანმა.