აკადემიკოს გურამ შარაძის დაბადებიდან 70 წლისთავს მისი ოჯახი და “გურამ შარაძის საზოგადოება“ მოკრძალებულად აღნიშნავს, რის შესახებაც პრესა.გე გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს ესაუბრა.
“რომ არა მკვლელების მიერ ნასროლი ტყვია, 2010 წლის 17 ოქტომბერს გურამ შარაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. სიმბოლურია, რომ ამავე დღეს, საჩხერეში იმართება აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილე. სამწუხაროდ, გურამ შარაძეს არ დააცალეს, დაესრულებინა: აკაკის მე-5 ტომი, აგრეთვე, “აკაკი ცხოვრებაში“; ილიასა და აკაკის მსგავსი ტომეულები – იაკობი, ვაჟა, ექვთიმე; “ძველი გურია’’, “ძველი ბათუმი“, ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის 24 ტომეული (რომლის 8 ტომი უკვე გამოცემულია) და სხვა...
გურამ შარაძის 70 წლის იუბილე გაიმართება ქართული ემიგრაციის მუზეუმში, 17.00 საათზე. რა თქმა უნდა, ერთი საათით ადრე საფლავზე გავალთ და პანაშვიდს გადავიხდით. შეგნებულად არ გავაკეთეთ მოსაწვევი ბარათები, რადგან არ გვინდოდა იმ ადამიანთა წრე შემოგვესაზღვრა, რომელთაც სურთ პატივი მიაგონ გურამ შარაძის ხსოვნას. ვფიქრობ და ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყოდი, რომ გურამ შარაძე ყველას ქართველს ეკუთვნის, რადგან თავად მან მიუძღვნა მთელი ცხოვრება საქართველოს, ქართველ ერს და ეს მისი სახალხოდ დახვრეტითაც დადასტურდა“, – ამბობს რუსუდან შარაძე.
სპეციალურად საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა ვებ–გვერდი www. guramsharadze.wordpress.com, რომელზეც განთავსებულია ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს დაბეჭდილი გურამ შარაძის ინტერვიუები, წერილები და მისი მკვლელობის შემდეგ, დღემდე პრესაში გამოქვეყნებული მასალები. რუსუდან შარაძის განმარტებით, ამ ვებ–გვერდის შექმნის მიზანი ასეთია:
“ვფიქრობთ, მას შემდეგ რაც მკითხველი ხელმეორედ გაეცნობა ცოცხალ, დოკუმენტურ მასალას, კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, თუ რატომ მოკლეს გურამ შარაძე!“
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძის ოჯახი, კონკრეტულ ფაქტებსა და თვითმხილველების მონათხრობზე დაყრდნობით, დარწმუნებულია, რომ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის და რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია. 2009 წლის გაზაფხულზე გამართული სამთვიანი აქციების დროს, ბარათელის შესახებ ორი ვერსია გავრცელდა – ერთი ვერსიის თანახმად ბარათელი საზღვარგარეთ გააპარეს, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, იგი მოკლეს.
მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალეს, პრესა.გე–მ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ორი განცხადებით მიმართა (ეს 2009 წლის 10 სექტემბერს მოხდა). ერთში ვითხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, პატრულის მიერ მოკლულების: ბუტა რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების – გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის შესახებ, ხოლო მეორე განცხადებაში დიმიტრი შაშკინს ვთხოვდით ინფორმაციას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ასევე საჯაროა.
ჩვენს განცხადებებზე პასუხად მივიღეთ ის, რომ გამოთხოვილი ინფორმაციები არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას. ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა – თათული თოდუამ და თამარ გურჩიანმა ადმინისტრაციული საჩივარი მოამზადეს, რომელიც შაშკინის უწყებას ჩავაბარეთ. ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დატოვეს - ინფორმაცია შარაძის, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ საიდუმლოა და თქვენს ადმინისტრაციულ საჩივარს არ განვიხილავთო.
ამის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც ჩვენი სარჩელი ნაწილობირვ დააკმაყოფილა – რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა (მაგრამ ეს ინფორმაცია ჩვენთვის დღემდე არ მოუწოდებიათ), ხოლო გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვა.
საქალაქოს შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც 11 მაისს გამოიტანა განჩინება – ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება – სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც იმით დაასაბუთა, რომ პრესა.გე–ს განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, მოპასუხე საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეტანილი არა აქვს და ამიტომ, გიორგი ბარათელის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არისო.
საკასაციო საჩივარში, რომელიც მიმდინარე წლის 29 ივნისს ჩავაბარეთ, ვითხოვთ, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 11 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით.
ჩვენი უფლებების დამცველ ადვოკატს, ანა შალამბერიძეს, რომელიც ამავდროულად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენელია, უზენაესი სასამართლოდან 20 ივლისს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული. გამომდინარე აქედან, უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს არსებითად განიხილავს თუ არა, ეს 20 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.