"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იყო საქმიანი, საინტერესო და იმედის მომცემი.
მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ფორმატი, სადაც მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემატურ საარჩევნო საკითხებზე იმსჯელებენ. კაციტაძის განცხადებით აღნიშნულ ჯგუფს ერთი თვის ვადა უნდა განესაზღვაროს, რადგან როგორც კაციტაძე აცხადებს, ეს ვადა საკმარისია პოზიციების შესაჯერებლად.
„მე შეხვედრის დაწყების წინ ვთქვი, რომ არც გადაჭარბებული იმედები მაქვს და არც უიმედოდ შევდივარ-მეთქი. მინდა გითხრათ, რომ იყო უაღრესად საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვდრა. ჩვენს მიერ დაყენებული თემებიდან, გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო იქნება, ამ განხილვის პროცესში ჩვენი ჩართულობაც კი შეიძლება იყოს. ასევე, შეიქმნება უახლოეს დღეებში ფორმატი, რაც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს გახდის მსჯელობის საგნად, დაწყებული სისტემიდან, დამთავრებული სხვა საკითხებზე, რითაც დღეს ჩვენ მივედით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იყო საქმიანი, საინტერესო და იმედის მომცემი შეხვედრა. მაგრამ ვიმეორებ, ზედმეტ ეიფორიაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ ეს რაღაც ახალი მოხდა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კონკრეტულ და ფიქსირებულ დროსა და ვადაში. პირადად მე ვუთხარი პრემიერს, რომ თუ უახლოეს დღეებში მაგალითად ერთ კვირაში, 10 დღეში შეიქმნება ეს ფორმატი და ფორმატის სამუშაო ვადად განისაზღვრება მაქსიმუმ ერთი თვე, აბსოლუტურად საკმარისია იმაზე, რომ შესაჯერებელზე შევჯერდეთ. იმის მერე საპარლამენტო იმპლიმენტაცია და ჩათვალეთ, რომ ექვსი თვით ადრე ჩვენ გვექნება შეცვლილი საარჩევნო სისტემა, რაც უკვე კარგია“, - განაცხადა კაციტაძემ.
რაც შეეხება სპეც-უბნების გაუქმებას, კაციტაძემ იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც მას მთავრობამ წარუდგინა. მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად სპეცუბნები ფაქტიურად უქმდება.
„პრინციპში სპეც-უბნები უქმდება. გარდა ისეთი ტიპის გამონაკლისებისა, როგორიცაა ავღანეთი, გემზე და ა.შ. თუმცა გვითხრა, რომ ხუთშაბათს არის ამ კანონპროექტის განხილვა მთავრობაზე და ხუთშაბათამდე თუ გექნებათ წინადადებები, მზად ვარ და მოგვაწოდეთო. ჩვენ ამ რეჟიმშიც შევალთ“, - განაცხადა კაციტაძემ.