პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია, რათა მათ ერთმანეთის მოსმენა შეძლონ.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არსებობდეს და მხარეები კონფრონტაციული გარემოდან, დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ.
"მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრის, მინდა, რომ კიდევ ერთხელ გაცნობოთ, რომ აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში იყოს გაცილებით უფრო მაღალი. მინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა. ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და ჩავატაროთ მართლაც სამაგალითო არჩევნები. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან ასოცირების პროცესში ევროკავშირთან. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა მართლაც რეკორდული ნაბიჯები ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და უბრალოდ, იმისთვისაც აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც არა. მთავარია, რომ ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ საუბრის ფორმატში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება.