პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ პარტიებს უნდა მიეცეთ შესაძლებობა, საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ იმ საკითხებზე, რომლებზეც ქვეყნის პირველი პირი გააკეთებს აქცენტს, - ამის შესახებ "ინტეპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის წევრებიც უნდა დაესწრონ და მათი მონაწილეობითაც უნდა გახდეს განხილვის საგანი ის თემები, რომლებზეც ქვეყნის პირველი პირი ისაუბრებს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ჩვენ დავესწრებით აუცილებლად და ვითხოვთ, რომ პარტიებს პრეზიდენტების გამოსვლის შემდეგ მიეცეთ შესაძლებლობა საერთო მოსაზრებები გამოხატონ იმ საკითხებზე, რომლებზეც პრეზიდენტი გააკეთებს აქცენტს. ასევე, თუნდაც ინსტიტუციური პატივისცემა მოითხოვს იმას, რომ მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ დარბაზში და მათაც ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრებები პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, მთავრობა, ისევე როგორც გასულ წელს, არ აპირებს დასწრებას. ეს არის ხელისუფლების შტოების დავა და დაპირისპირება, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
დეპუტატის აზრით, საბოლოოდ მაინც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, ერთი მხრივ, მისცეს თუ არა პრეზიდენტს შესაძლებობა მისი გამოსვლა იყოს მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ კი, მისცეს თუ არა მისი პარტიის წევრებს უფლება, დაესწრონ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას.