"თავისუფალი დემოკრატები" მომხრე არიან, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართოს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"პრეზიდენტის ნებისმიერი გამოსვლა პარლამენტში და მითუმეტეს ყოველწლიური ანგარიში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არის და იქნება ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს პოლიტიკური ძალების გამოსვლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება ვინ ეთანხმება პრეზიდენტის მოხსენების მნიშვნელოვან ნაწილებს და ვინ - არა. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ამავდროულად აუცილებელია მთავრობამაც მოისმინოს თუ რას ამბობს პრეზიდენტი და ამის მოსმენა არ უნდა ხდებოდეს ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ასევე ინსტიტუციების პატივისცემა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში. წინა პრემიერის დროს ეს ყველაფერი მოიშალა და მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ამას შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ამის განცდა მაქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი გამოსვლები იქნება, "თავისუფალი დემოკრატები" ყურადღებას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილებენ. ასევე ისინი საარჩევნო სისტემის შესახებაც ისაუბრებენ.