საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" წევრმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე გაიმართება.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი და მზადყოფნა მას შემდეგ გამოთქვა, რაც პრემიერმა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრების დაწყება დააანონსა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ გიორგი კვირიკაშვილისადმი შესაბამისი მიმართვაც შეიმუშავა.
"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე თქვენს მზადყოფნას უახლოეს მომავალში დაიწყოს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო სექტორთან. ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფლება", "თავისუფალი საქართველო", "რეფორმატორები", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის", "ევროპელი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "პატრიოტთა ალიანსი", "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", "ტრადიციონალისტთა კავშირი" და "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".