დღეს მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში საერთაშორისო გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის საათი“ ჩატარდება. კამპანიას, რომელშიც ასობით მილიონი ადამიანია ჩართული, საქართველოც შეუერთდება. 20:30–დან 21:30 საათამდე ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დედაქალაქში ელექტროენერგია გაითიშება სატელევიზიო ანძაზე, გაერო-ს სახლსა და მიმდებარე მრგვალ ბაღში, „შერატონ მეტეხი პალასში“, „რედისონში“, რესტორან „ქალაქურში“ და დედაქალაქის ქალაქის სხვა ადგილებში.
აქციის მონაწილეები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შუერთდებიან. საქართველოში დედამიწის საათი მეოთხედ აღინიშნება. სინათლის ჩაქრობის გარდა გარემოსდაცვითი ხასიათის სხვადასხვა აქტივობები იგეგმება.
2011 წელს დედამიწის საათს მსოფლიოს 135 სახელმწიფო და ასობით მილიონი ადამიანი შეუერთდა. სინათლე ჩაქრა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ შენობებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში - ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, ბუკინჰემის სასახლე, ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში, ჩანჩქერები ნიაგარა და ვიქტორია, სიდნეის ოპერა, ემფაირ სთეით ბილდინგი.
რაც შეეხება გლობალური დათბობის ფონზე კლიმატის ცვლილების გამოვლინებას საქართველოში, მეტეოროლოგიური ანალიზი საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში არსებული ცვლილებები, რომლებიც გამოიხატება აცივებისა და დათბობის პერიოდული ცვალებადობით. კერძოდ, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შეინიშნებოდა კლიმატის დათბობა, რასაც თან მოყვა 60-იანი წლების აცივება და 90-იანი წლების სტაბილური დათბობა. აღსანიშნავია, რომ მისი სიჩქარე აღემატება უკანასკნელი 10 ათასი წლის განმავლობაში მომხდარი ყველა დათბობის სიჩქარეს.
გლობალური დათბობა გამოწვეულია კაცობრიობის სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტემპების დაჩქარებით, რაც თავისთავად მჭიდრო კავშირშია ენერგიის მზარდ მოხმარებასთან. „სათბურის ეფექტი“ არის ატმოსფერული მოვლენა, რომელიც ხელს უშლის ღამის საათებში დედამიწის ზედაპირის მკვეთრ გაცივებას, რაც განაპირობებს ატმოსფეროში სითბოს გარკვეული ნაწილის შეკავებას და გლობალური კლიმატის თანდათანობით დათბობას. სათბურის ეფექტის ძირითადი განმაპირობებელი გაზებია: ნახშირორჟანგი(CO2), მეთანი(CH4) და აზოტის ქვეჟანგი(NO2).
გამოთვლებით დადგინდა, რომ ამ გაზების არარსებობის შემთხვევაში დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -20 იქნებოდა, როდესაც დღესდღეობით ეს სიდიდე +15 შეადგენს. ძირითადი სათბურის აირებია: ნახშირორჟანგი, აზოტი და მეთანი.
გასულ საუკუნეში, წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარების შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის 30%-ით გაზრდამ, საშუალო გლობალური ტემპერატურის 0,6 აწევა გამოიწვია, ეს გამოვლინდა გრენლანდიის და ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის და მყინვარების ნაწილორივ დნობაში, რის გამოც მოხდა მსოფლიო ოკეანის დონის 10-20 სანტიმეტრით აწევა, ტროპიკული ქარიშხლების ინტენსივობის, გვალვების სიხშირის და სიმკაცრის ზრდა.
ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ამავე ტემპებით მატებამ საუკუნის ბოლომდე, შეიძლება საშუალო გლობალური ტემპერატურის 1,4-5,8 მატება და ოკეანის დონის კვლავ აწევა გამოიწვიოს. აგრეთვე, სავარაუდოდ, მყინვარების დნობის შედეგად დაირღვევა მტკნარი წყლის დღესდღეობით ჩამოყალიბებული ბალანსი, რაც გამოიწვევს მსოფლიოს მრავალ რეგიონში წყლის უკმარისობას და მისი ხარისხის გაუარესებას.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობა ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა, 1895 წელს, ნახშირორჟანგზე ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებული ცდების შედეგად იწინასწარმეტყველა, მსოფლიო ყურადღება ამ საკითხმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში მიიპყრო.
გამოთვლებით დადგინდა, რომ უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა კლიმატურმა ცვლილებებმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ჩრდილო ნახევარსფეროზე, რაც გამოიხატება საშუალო წლიური ტემპერატურის 0.75 მომატებაში. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი საქართველოზეც აისახა. დათბობასთან ერთად მთიან რეგიონებში გახშირდა წყალმოვარდნების, მეწყერების, ღვარცოფების და ზვავების ინტენსივობა, ხოლო არიდულ ტერიტორიებზე შეინიშვნება გვალვების გაძლიერების ტენდენცია.
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით და მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, სპეციალისტების მიერ შეირჩა სამი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ-გეორგაფიულ პირობებში იმყოფება და რომლებიც განხილულია გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში. ეს რეგიონებია: მდ. რიონის დელტა, ქვემო სვანეთი (ლენტეხის რაიონი) და დედოფლისწყაროს რაიონი. მათგან ყველაზე დიდ, ორმხრივ ზეწოლას განიცდის მდ. რიონის შესართავი, სადაც ერთის მხრივ მასზე ზეწოლას ახდენს მდინარეული ჩამონადენი, მასთან დაკავშირებული წყალმოვარდნებით და მეორეს მხრივ - ზღვის დონის აწევის (2,5 მმ/წ) გამო მის მიერ ხმელეთის მიტაცება. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ კოლხეთის დაბლობის თანდათან დაშვებას (5 მმ/წ), რაც გამოწვეულია ტექტონიკური პროცესებით, ნათელი ხდება იმ პროცესების სიმწვავე, რომლის დაძლევაც ქვეყანას მიმდინარე საუკუნეში მოუწევს.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილების მინიმალური სიჩქარით აღინიშნება ფოთი (0,2 ), თუმცა უკანასკნელი 7 წლის შედეგების გათვალისწინებით, უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს. კლიმატის ცვლილების შესახებ პირველ ეროვნულ მოხსენებაში მოყვანილი მონაცემებით, ამ რეგიონში 1906-1995 წლებში შეინიშნებოდა -0.1 -0,2 აგრილება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო წლებში შეიცვალა დადებითი ნიშნის მაჩვენებლით. გარდა ტემპერატურისა და ნალექებზე დაკვირვებისა მდინარე რიონის შესართავთან (და არამარტო აქ) ხდებოდა მდინარის ჩამონადენზე დაკვირვებაც. ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი გაიზარდა 103 მ /წმ(25%-ით).
მდინარე რიონის დელტის საერთო ფართობი 150 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. 22 კმ-ზე იგი კოლხეთის დაბლობში იჭრება, ხოლო მდინარის დიფუზიის ზონა ზღვაში შეჭრილია 7 კილომეტრით. პროცენტულად ფოთის საგარეუბნო სასოფლო – სამეურნეო სავარგულებს უკავია დელტის 40%, კოლხეთის ეროვნულ პარკს 10%, დანარჩენ ნაწილს კი წარმოადგენს პალიასტომის ტბა, ჭაობები და „ნარიონალის“ სახელწოდებით ცნობილი პატარა ტბები, რომლებიც დაცული ტერიტორიებია.
კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონა ოდითგანვე გამოირჩეოდა პლაჟწარმომქმნელი ნატანის უხვი რაოდენობით, რომლის ერთ–ერთ ძირითად წყაროს მდ. რიონი წარმოადგენდა. 1939 წელს რიონის კალაპოტის გადაგდებამ (4კმ.ით სამხრეთიდან ჩრდილოეთით) დელტის სამხრეთ ნაწილში შეამცირა მყარი ნატანის მოცულობა 8 მლნ მ 4,4მლნ მ, ხოლო პლაჟწარმომქმნელი მასალის რაოდენობა შეამცირა 2,1 მლნ მ -დან 1,3 მლნ მ-მდე. ამის შედეგად მკვეთრად შემცირდა წყალქვეშა კანიონებში, რომლებიც ნაპირთან საკმაოდ ახლოს იმყოფებოდნენ, მყარი ნატანის ჩადინება, რის გამოც მისი შესართავი დაიმალა და მანძილი ნაპირსა და მას შორის გაიზარდა. ამავე დროს დაიწყო ფოთი-მალთაყვის მონაკვეთის ინტენსიური გადარეცხვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და დღესდღეობით გადაირეცხა სანაპირო ზოლის 300 ჰა. სამაგიეროდ, დელტას ჩრდილო ნაწილმა დაიწყო ინტენსიური მოსილვა, რამაც დამატებითი სიძნელეები შეუქმნა ფოთის პორტის მისადგომებს.
ზემოთ განხილული პროცესები გამოიწვევს აღნიშნული რეგიონის მოწყვლადობის გაუარესებას, კერძოდ:
ფოთისა და მის გარეუბნებში მდინარის ადიდებასა და წყალდიდობებს, რაც გამოწვეული იქნება შტორმული მოდენებით. პლიაჟები წაირეცხება ზღვის მიერ (რამაც უკვე იმსხვერპლა კოლხეთის სანაპირო ზონის 600 ჰა). კომუნიკაციები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანებული იქნება ევსტაზიითა და შტორმული მოდენებით. შეიზღუდება რეკრეაციული და საკურორტო სექტორი, ზღვის ზედაპირის აგრილებითა და ტურისტული სეზონის შემოკლებით. დაზარალდება მეთევზეობა, ზღვის თერმული პირობების ცვლილების გამო საარსებო გარემო გაუუარესდება ზოგიერთი სახეობეობის თევზისა და პლანკტონისთვის. სოფლის მეურნეობა იზარალებს სავეგეტაციო პერიოდის შემცირებისა და მიწის ეროზიის გამო. კოლხეთის ეროვნულ პარკში წყლის მარილიანობის ზრდის შედეგად გაუარესდება პირობები ზოგიერთი ენდემური თევზისა და ხმელეთის ცხოველებისთვის.
აღნიშნული ცვლილებები სერიოზულ პრობლემას უქმნის ფოთსა და მის გარშემო განლაგებულ ობიექტებს (ფოთის პორტი), ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემუშავდეს და განხორციელდეს საადაპტაციო ღონისძიებები. უნდა შეკეთდეს და გაძლიერდეს მდ. რიონის სანაპირო დამბები, მოხდეს არხის სათაო ნაგებობის სათანადო რეაბილიტაცია და მეტიც, მოეწყოს უწყვეტი მონიტორინგი ჩამკეტების გასაკონტროლებლად. ამ სამუშაოებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება რეალური საშიშროების შემთხვევაში, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება.
ზღვის მოდენის მიერ მდინარის ჩამონადენის დაბლოკვა დიდი მდინარეების შემთხვევაში ყოველთვის იწვევს კატასტროფულ შედეგებს. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს 1924 წ. წყალდიდობა ქალაქ ლენინგრადში, როდესაც მდინარე ნევის დონემ 9 მეტრით აიწია და დატბორა ქალაქის დიდი ნაწილი. დაახლოებით იგივე განმეორდა 2005 წელს ქალაქ ნიუ-ორლეანის ტრაგედიის დროს, რომლის შესაძლებლობის შესახებაც მეცნიერებმა 7 წლით ადრე გააფრთხილეს აშშ-ს მთავრობა. თუმცა, კონგრესმა უარყო მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მისისიპის დამცავი დამბების პროექტი სიძვირის გამო (14 მლრდ აშშ დოლარი), რამაც შემდგომში 253 მლრდ დოლარის ზარალი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული კატასტროფის მიზეზი გახდა ორი, ერთი მეორეს მიყოლებით შემოჭრილი ქარიშხლები - რიტა და კატრინა, რომლებმაც გარდა მატერიალური ზარალისა, 2100 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა, ხოლო გადარჩენილებს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
ანალოგიური ვითარება აღინიშნება ქალაქ ფოთშიც, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდ.რიონის ახალი არხი (ნაბადი), ხოლო მეორე ისტორიული ტოტი ქალაქზე გადის, ქალაქს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, შესაბამისად შავი ზღვა და პალიასტომის ტბა ესაზღვრება. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამივე ობიექტი ქალაქთან შედარებით მაღლა მდებარეობს და იშვიათი უზრუნველყოფის წყალმოვარდნებისა და შტორმული მოდენების დროს, მითუმეტეს ამ მოვლენების სინქრონული განვითარების შემთხვევაში, ქალაქს დატბორვა ემუქრება, რის შედეგადაც ქვეყანა პირველ რიგში იზარალებს მსხვერპლის გამო, ხოლო შემდეგ მატერიალური თვალსაზრისით.
დღესდღეობით ქვეყნისა და ინფრასტრუქტურის საერთო დაგეგმვაში სერიოზულ პრობლემად რჩება კლიმატის შესაძლო ცვლილებები, განსაკუთრებით კი ქალაქ ფოთისათვის, სადაც დღეს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტვირთის გადაზიდვის მასშტაბები. პრობლემას ამწვავებს ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე არცერთი პროექტი სათანადოდ არ აფასებს შექმნილ ვითარებას, მეტიც, ზოგიერთი ფართომასშტაბიანი პროექტი არც კი ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების შესაძლო სახიფათო გავლენას. ასეთებია, მაგალითად: „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაერთიანებული (ინტეგრირებული) დაგეგმვა“ და „დაცული ტერიტორიის განვითარება“.
ქალაქ ფოთის სამხრეთი სექტორში ნაპირების წარეცხვასთან საბრძოლველად შემუშავდა რამოდენიმე პროექტი, რომლებშიც შემოთავაზებულია ნაპირების ავარიულ უბნებზე ქვიშის დიდი რაოდენობით (რამოდენიმე ათეული მლნ მ 3/ წელიწადში) ხელოვნური შეტანა (რეფულირება), და ნაპირდამცავი საინჟინრო ნაგებობების (ბუნების) აგება.
მსგავსი პრობლემები წამოჭრილია ფოთის სამხრეთითაც მდინარე ჭოროხის დელტაში, ადლია-ბათუმის სანაპიროს მონაკვეთზე. მდინარე ჭოროხზე კაშხალთა კასკადის მშენებლობა, რომელსაც თურქეთის მხარე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხზე აგებული იქნება 10 კაშხალი, მათგან უდიდესი 223 მეტრი სიმაღლის იქნება, ხოლო უმცირესი 44 მეტრი. აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს სანაპირო ზოლს, განსაკუთრებით კი გონიოს, ადლიას (სადაც ზღვა უკვე უტევს ხმელეთს. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან სოფელ ადლიის მაცხოვრებლებმა 2-3-ჯერ გადაიტანეს საცხოვრებლები, ხოლო ზღვამ ნაპირის 200 მ შთანთქა) ბათუმს და მეტნაკლებად - სარფს.
ფოთისა და ბათუმის სანაპირო ზონაში საადაპტაციო პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ღირებულება 60-130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს საქართველომ დასახმარებლად მიმართა გლობალურ გარემოს დაცვით ფონდს. შესაბამის პროექტების შესრულების შემთხვევაში ქვეყნის ისტორიაში პირველად გგფ-ს მიერ განხორციელდება საადაპტაციო პოლიტიკის რეალური მიმართულება. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მმართველობასა და მოსახლეობას (ქ. ფოთისა და ბათუმის ფარგლებში) კლიმატის ცვლილების შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების ჩატარებაში, – ამბობს ჰიდრომეტეოროლოგი სოფიო მდივანი.
თავის მხრივ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, 2020-2050 წლებში ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა 2,5-3 °C-ით მოიმატებს (ტემპერატურა უკვე გაზრდილია 0,6 გრადუსით), რის გამოც მოსალოდნელია სახნავ-სათესი მიწების, ბაღ-ბოსტნების, ვენახებისა და საძოვრების პროდუქტიულობის საგრძნობლად შემცირება.
მკვლევარების თქმით, გაუდაბნოების პროცესი გაძლიერდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილზე. პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ რაიონში არ არსებობს სარწყავი არხები. ასევე, გაჩეხილია ქარსაფარი ზოლები, რის გამოც ქარი ნიადაგის ზედა ფენას (სადაც მარცვალია) ადვილად ანადგურებს.
მკვლევარები ადგილობრივ მთავრობას შემდეგ რეკომენდაციას აძლევენ: სასწრაფოდ დაიწყოს არსებული წყალგამოყენების სისტემის სრული რეაბილიტაცია-გაფართოება, ახალი წყალდამზოგავი სისტემებით აღჭურვა, მკაცრი კონტროლი დაწესდეს არანორმირებული რწყვის აღსაკვეთად, ასევე, აუცილებელია დაწვიმებითი და წვეთოვანი მორწყვის ხერხების და წესების დანერგვა, ქარსაცავი და მინდორსაცავი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაცია. ნიადაგდამცავი უნარის მქონე ტყის კორომების აღდგენა, მკაცრი კონტროლის დაწესება ტყის უსისტემო ჭრებზე, გვალვაგამძლე აგროკულტურების შერჩევა და ა. შ.
ცნობისთვის, კლიმატის ცვლილება – დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებები შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებები თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიური დარგი – პალეოკლიმატოლოგია.