ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, 23 მარტს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. პოლიცია 37 წლის პაპუნა ჩიკვატიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ თამაზ კვიციანს ეძებს. ჩიკვატიას ცხედარი ნათესავებმა და მეზობლებმა მისი გაუჩინარების ღამეს სოფლის ტყეში იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით მოკლულს სხეულზე დანით მიყენებული 37 ჭრილობა აღენიშნებოდა. პაპუნა ჩიკვატიას ოჯახის წევრები და მეზობლები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის თამაზ კვიციანი მანიაკია.
გარდაცვლილის დედის, როზა ჯიჯელავას მონათხრობით, გაუჩინარების დღეს მისი ვაჟი მეზობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შინ მომავალს კი გზად მკვლელობაში ეჭვმიტანილი, თამაზ კვიციანი შეხვედრია, რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მოსვლია. შემდეგ, კვიციანი საკუთარ სახლში შევარდნილა, დანა აუღია და ჩიკვატიას გადევნებია. ამის შესახებ ჩიკვატიას ნათესავებისთვის თავად კვიციანის მამას უცნობებია, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი ყოფილა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაკარგულის ოჯახს პოლიციისთვის მიუმართავს. პარალელურად, პაპუნა ჩიკვატიას ნათესავები და მეზობლები სოფლის მთელ ტერიტორიაზე ეძებდნენ. ღამის 12 საათისათვის კი მისი ცხედარი ახლომდებარე ტყეში აღმოუჩენიათ.
იზო ჯიჯელავა presage.tv-სთან საუბარში იმ სისასტიკეზე საუბრობს, რომელიც მკვლელმა მისი დისშვილის მიმართ გამოიჩინა. მისი განმარტებით, მოკლულს სხეულზე მიყენებული 37 ჭრილობის გარდა, ორივე თვალი დანით ჰქონდა ამოთხრილი. მიუხედავად ამისა, ნაპოვნი ცხედრის ადგილზე ოჯახის წევრებმა სისხლის უმნიშვნელო კვალი აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მკვლელმა ჩიკვატიას სხეულიდან სისხლი გამოწოვა.
მოკლულის კიდევ ერთი დეიდა, ზაირა ჯიჯელავა ამბობს, რომ თამაზ კვიციანი მანიაკალურ ქმედებებში სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ შეამჩნია. იგი მეათეკლასელი გოგონას ისტორიას იხსენებს, რომელის გაუპატიურება და მოკვლა კვიციანმა ინგირის მშენებარე აეროპორტთან ცოტა ხნის წინ სცადა. გოგონა გადარჩა, რადგან მისი შველა ბიძამ შემთხვევით მოახერხა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი სოფლიდან კვიციანის ბიძაშვილი, გოჩა კვიციანი და მისი მეუღლე გაუჩინარებულან. სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ თამაზ კვიციანის მხრიდან გოგონაზე განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი სწორედ ცოლ-ქმარი იყო. ამიტომაც გაჩნდა ვარაუდი, რომ თამაზ კვიციანმა ისინი, როგორც დანაშაულის მოწმეები, თავიდან მოიშორა.
ინგირის მოსახლეობა პანიკაშია. ისინი იმ შიშზე საუბრობენ, რომელმაც სოფელში მკვლელობის შემდეგ დაისადგურა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვების სკოლაში სიარულს ერიდებიან და სახლებში დაღამებამდე იკეტებიან. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა კიდევ სამი ადამიანის მკვლელობა აქვს განზრახული. მათ შორის ერთი, მისივე კარის მეზობელი, უკვე მოკლული პაპუნა ჩიკვატიას ბიძაშვილია.
„პოლიციამ მკვლელობის შესახებ იმ ღამესვე შეიტყო.მათთვის მკვლელის ვინაობაც მალევე გახდა ცნობილი. შორს ვერ გაიქცეოდა მკვლელი, თვითმფრინავი ხომ არ ჰყავდა? ახლა ავდგებით მთელი სოფელი და მივადგებით ძალოვანებს. ამდენი ხანი რატომ ვერ დაიჭირეს, რას ელოდებიან, სანამ კიდევ დახოცავს ხალხს? რატომ არ აქტიურობენ? უნდათ ვინმეს მოაჩვენონ, რომ ზუგდიდში სტაბილური მდგომარეობაა და დანაშაული არ ხდება?-აცხადებს ზაირა ჯიჯელავა.
ჩიკვატიას ოჯახი სოფლის მოსახლეობასთან ერთად სამართალდამცავებისგან მკვლელის დაუყონებლივ დაკავებას მოითხოვენ. თუ უახლოეს დღეებში კვიციანის დაკავება არ მოხდება, ისინი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში პაპუნა ჩიკვატიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, თუმცა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.