ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებრივ ავტომობილს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გამოძახებებისათვის უახლოეს საათებში გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, "112"-თან შეთანხმებით, დღეიდან ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლითაც ზარების გადამისამართება მოხდება. კერძოდ, ე.წ. ცხელება, რისკ-ჯგუფების გარეშე, ამ ტიპის ზარების შემთხვევაში გამოძახებებზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების ნაცვლად ოჯახის ექიმები გავლენ.
მინისტრის განცხადებით, ოჯახის ექიმები უფრო კვალიფიციურები არიან ასეთი პაციენტების დასახმარებლად.
მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მიზნით მისი სამსახურებრივ ავტომობილს, ასევე სამინისტროდან სხვა გამოთავისუფლებულ ავტომობილებს უახლოეს საათებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგზავნიან ოჯახის ექიმების გამოძახებებისათვის.
"ეს ავტომობილები იქნება იქ, სანამ ამის საჭიროებაა", - განაცხადა მინისტრმა.
დავით სერგეენკოს რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის გაგზავნილი ავტომობილების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
მინისტრის თქმით, პაციენტებს ასევე შეეძლებათ წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე გახსნილი საოჯახო მედიცინის ცენტრების ექიმების გამოძახებით ისარგებლონ.
"ამ ორ ცენტრს ავტომობილების რესურსი თავადაც გააჩნია", - განაცხადა მინისტრმა.
დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა "112"-ის მენეჯმენტს და დედაქალაქის პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს, რომ ამ სისტემის ამოქმედებაში სამინისტროს მხარში ამოუდგნენ.