უსაფრთხოება, ინტეგრაცია და კავკასია

უსაფრთხოება, ინტეგრაცია და კავკასია

ხშირად ამბობენ, რომ კავკასიის რეგიონის მთავარი პრობლემა უსაფრთხოებაა, ხოლო მისი ”გაყინული და ცხელი კონფლიქტები” რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს წინაღობას წარმოადგენს.

პრობლემა, რაღა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ, როდესაც არსებობს ტერმინები რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოებაზე სალაპარაკოდ, ისტორია შემდეგზე მიანიშნებს – ქვეყნებისთვის ამ ცნების გააზრება საკუთარი უსაფრთხოების ბაზაზე უფრო აქტუალური და პროდუქტიულია. დღეს კავკასიის ქვეყნები თავის უსაფრთხოებაზე უფრო ასეთ კონტექსტში მსჯელობენ ”რამდენად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს ჩვენ?” და ნაკლებად ფიქრობენ მთლიანად რეგიონის დაცულობაზე.

არადა, უსაფრთხოების დარგში რეგიონის ერთადერთი მიღწევა, ეს მყიფე სტაბილურობაა. ცხადი ის არის, რომ მშვიდობა კავკასიაში და მისი უსაფრთხოება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – თითოეულმა სახელმწიფომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც მეზობელს დაემუქრება, საკუთარ საფრთხედ უნდა აღიქვას და ის ისევე გააპროტესტოს, როგორც საკუთარი ინტერესების დაცვისას გააკეთებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას, თბილისში ვილტონ პარკის კონფერენციაზე (”უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში”) იმსჯელეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ცოტაოდენი ნათელიც მოჰფინეს. დისკუსიები მრავალ თემაზე გაიმართა, მაგრამ საკვანძო საკითხებად რეგიონის გადაუწყვეტელი კონფლიქტები და ევროკავშირსა და ნატოში რეგიონის ინტეგრაცია იქცა.

ქართულ კონფლიქტებზე დისკუსიისას, ექსპერტთა უმრავლესობა იმაზე შეთანხმდა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტების გადაწყვეტა ძნელი იქნება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართველებს, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი ერთგულებით, შეუძლიათ მოიგონ აფხაზებისა და ოსების გული. ამ სიტუაციაში, საქართველო რუსეთის დამოკიდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი დაიწყო და გრძელდება, კონკრეტული შედეგები ჯერ არ ჩანს. სიტუაციას ყველაზე უკვე აღვწერდით, თუ ვიტყოდით, რომ ეს ”მართვადი ჩიხია” და არა კონფლიქტის ჭეშმარიტი მოგვარება. ქართულ მთავრობას ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ერთი შანსი აქვს – ეს არის ”თანამშრომლობის მეშვეობით ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთქმედების სახელმწიფო სტრატეგია” და ამ სტრატეგიას მთლიანად უჭერს მხარს დასავლეთი. საქართველოს პოზიცია პოზიტიურია და დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ შეძლებს კი დე ფაქტო ხელისუფლება და მოსახლეობა ამ წინადადების მიღებას? მართლაც, მხოლოდ ის, რომ ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მოიხსენიებენ, შეიძლება, აღშფოთების და წყენის საბაბი გახდეს, რადგან ეს სახელდება თითქოს ფარულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასაც ეთქმის სიტყვა იმაზე, თუ ვინ და როგორ უნდა მართავდეს ამ რეგიონებს.

სწორედ ამიტომ, ამ კონფერენციის ზოგიერთი წევრის მტკიცებით, სტრატეგია რთული გასახორციელებელია, რადგან მოსახლეობაში კონფლიქტის განსხვავებული აღქმა არსებობს. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია რაღაცნაირად უკავშირდება კონფლიქტების მოგვარების პრობლემას და არა მხოლოდ ექსპერტების, არამედ რიგითი მოქლაქეების აზრითაც. მაგალითად, კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის მიერ 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელმაც შეისწავლა ინფორმირებულობა და განწყობები ევროკავშირისადმი, გამოიკვეთა ორი ყველაზე დიდი პრობლემა ქართველებისთვის – ტერიტორიული მთლიანობა და სამუშაო ადგილები. 2011 წლისათვის, კონფლიქტების გადაწყვეტის ხუთწლიანი ამაო მცდელობების შემდეგ შემდეგ, როგორც ჩანს, ხალხმა იმედი დაკარგა – მხოლოდ 42 პროცენტი მიიჩნევდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ნაციონალურ პრიორიტეტად. ორივე წლის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა – მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს მიაჩნია, რომ კონფლიქტები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენს. კიდევ ერთი არგუმენტი ასე ჟღერდა – სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის შედეგია. ამ ომამდე ევროკავშირის ოპერირება ადგილზე გამორიცხული იყო. საჭირო გახდა ომი, რომ ევროკავშირს აქ სამეთვალყურეო მისია გამოეგზავნა.

რეგიონის კიდევ ერთი, სომხურ-აზერბაიჯანული (მთიანი ყარაბახის) კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ წარმართული დებატების მთავარი საყრდენი ასეთი ჩანდა – ”ვერაფერი შეთანხმდება მანამდე, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება.” ყველაზე საინტერესო მომენტი მთიანი ყარაბახის კონფლიქტის განხილვისას იყო სომეხი ჩინოვნიკების განცხადებები კონფლიქტის მოგვარების საკითხში მათი კონსტრუქციული როლის შესახებ და ის, რომ ისინი მუდმივად მეორე მხარეს ადანაშაულებენ. რაზეც აზერბაიჯანელმა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა – ”მათ სჭირდებათ აგრსორის დასახელება, ანუ ის, თუ ვინ იმყოფება ვის ტერიტორიაზე”. აზერბაიჯანელ ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის არსებობის მიზანი უფრო კონფლიქტის გაჭიანურებაა, ვიდრე მისი გადაწყვეტა. ამ მოსაზრების დადასტურებად გაიჟღერა ერთი სომეხი ექსპერტის რეპლიკამ – ”მინსკის ჯგუფი უფრო მინსკია, ვიდრე ჯგუფი.” კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მინსკის პროცესის დელეგირება კრემლისთვის მოხდა და შესაბამისად, ამ ფაქტმა კარი გაუღო კრემლის აღორძინებას რეგიონში, ხოლო დასავლეთი აქ ვერ, ან არ აღადგენს საერთაშორისო სამართალს.

სომხეთის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ ძალადობის რეციდივებზე ”კონფლიქტის ხაზზე,” ხოლო აზერბაიჯანელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კონტაქტისთვის გამყოფი ხაზების გარეშე. შეშფოთების მთავარი მიზეზი ექსპერტთა უმრავლესობისათვის ის იყო, რომ დღესაც კონფლიქტების გადაწყვეტის პერსპეტქივა ისეთივე შორეულია, როგორც ათწლეულობის წინ, ხოლო მათი განახლების რისკმა, როგორც ჩანს, ძალიან იმატა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებდა, რომ თუ დაპირისპირება გაგრძელდა, პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და რეგიონს მოიცავს ”ხანმოკლე, ეპიზოდური ომი”, რომელიც დაანგრევს მოლაპარაკებების მექანიზმს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დადგა, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულების მივიწყებული საკითხი იყო. გასულ წელს ბრუკინგის ინსტიტუტმა და ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ერთობლივი ანგარიში მოამზადეს – ”იძულებით გადაადგილებულთა პროექცია”. ამ ანგარიშში ამტკიცებდნენ, რომ 20 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულის სტატუსში ყოფნამ ბევრს შეურყია იმის რწმენა, რომ ისინი მალე დაბრუნდებიან, მაგრამ ამავე დროს იმატა სამხედრო რიტორიკამ. ”განა შესაძლებელია 20 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებული იყო?” ამ კითხვას სვამდნენ კიდევ და კიდევ ბაქოშიც და მოშორებულ სოფლებშიც იძულებით გადაადგილებულები. სამწუხაროდ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულნი ძირითადად ყველას მიავიწყდა და დაპირისპირების ორივე მხარეს ახალი თაობა იზრდება ისე, რომ აღარ ახსოვთ საკუთარი ფესვები, ხოლო ზიზღი და აღშფოთება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მატულობს.

საბოლოოდ კი, უსაფრთხოების უკეთესი პირობები და დასავლეთთან ინტეგრაცია ძირითადად ქაღალდზე რჩება. მიუხედავად რეგიონის უსაფრთხოებასათან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტებისა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობათა ”გადატვირთვისა”, და მიუხედავად იმისაც, რომ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ მიილტვიან, მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში კავკასიაში უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტის დიდი მომნდომება არ ჩანს. რუსული ანდაზა ამბობს: „მნოგო შუმა იზ ნიჩეგო”, რაც ასე ითარგმნება ”ბევრი გარჯა არაფრის გამო”. მშობლიურ ენაზე ანდაზა უკეთ ჟღერს, მაგრამ მისი აქტუალობა ენობრივ ბარიერებს სცდება.
foreignpress.ge