დაბა ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში, 33 წლის ზაქარია ქიტიაშვილი, რომელიც დაკავებამდე ჯანმრთელი იყო, ციხეში ტუბერკულოზით დაავაადა და ახლა სიკვდილს ებრძვის. ის, არც სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაჰყავთ და აღარც წამლებს აძლევენ. ოჯახის წევრებს სთხოვს, რომ მასთან პაემანზე აღარ მივიდნენ, რადგან სპეციალურად შეხვედრისთვის განკუთვნილ ოთახში სხვისი დახმარებით მისვლაც კი აღარ შეუძლია. მისი გადარჩენის კიდევ ერთი გზა არსებობს - სასჯელის გადავადება, რისთვისაც ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენაა აუცილებელი, მაგრამ ოჯახმა დასკვნის აღება დღემდე ვერ შეძლო. მსჯავრდებულ ზაქარია ქიტიაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია presage.tv-ს მოაწოდა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ. ტელეფონით დავუკავშირდით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ წარმომადგენელს, ზურაბ გრიგოლაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩაუტარდა ექსპერტიზა მსჯავრდებულ ქიტიაშვილს. დავინტერესდით არის თუ არა მზად ექსპრტიზის დასკვნა, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ - „ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მობრძანდეს პატიმრის და, ან ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მათ მივცემთ ინფორმაციას. კარგად ბრძანდებოდეთ“. ამ მასალაში მოყვანილი ფაქტები ეფუძნება ადვოკატ მამუკა ნოზაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ქიტიაშვილის საქმის მასალებს. სასჯელის გადავადების მიზნით ზაქარია ქიტიაშვილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 2010 წელს ჩაუტარდა, მაგრამ, როგორც მამუკა ნოზაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ქიტიაშვილი უმძიმესი ავადმყოფი იყო, სახელმწიფო ექსპერტმა ნანა ქირიამ მსჯავრდებულის რეალური მდგომარეობა დასკვნაში არ ასახა და ამის გამო, სასამართლომ სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- „სწორედ ეს გაყალბებული დასკვნა გახდა ზაქარია ქიტიაშვილის მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთი მიზეზი. ექსპერტი ნანა ქირია ექიმის პროფესიულ მოვალეობას ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს, ის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელია. საერთოდ, პატიმრების საქმეზე მომუშავე სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მითითებულ დიაგნოზებს სვამენ“. ზაქარია ქიტიაშვილის 80 წელს მიტანებული მშობლები გორში ქირით ცხოვრობენ, სოციალურად დაუცველები არიან. სწორედ ამის გამო, პატიმრის ოჯახმა საკუთარი ხარჯებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო და ადვოკატის დახმარებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა წერილობით, რათა პატიმარს სახელმწიფოს ხარჯით ჩატარებოდა ექსპერტიზა. ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სახელმწიფო ხარჯით ექსპერტიზას მხოლოდ მისთვის სასურველ პატიმრებს უტარებს: „მაგალითად, „ტყის ძმების“ მეთაურს დათო შენგელიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივითა და სახელწმიფო ხარჯით ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა, რის შემდეგაც დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით ჭაკუამ მიმართა სასამართლოს, სასჯელის გადავადების თაობაზე. ანალოგიურად მოხდა პატიმარ მიმინოშვილთან მიმართებაში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უარის შემდეგ ქიტიაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შესაგებელში აპელირებდა იმით, რომ თავად მსჯავრდებულს, მისი სახსრებით ჩაეტარებინა ექსპერტიზა. სასამართლოს დოკუმენტურად, კონკრეტული ფაქტებით დავუსაბუთეთ ის, რომ ქიტიაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველია და, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პატიმრებს ექსპერტიზას შერჩევით უტარებს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. ამჟამად, ეს საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული“. მამუკა ნოზაძის განმარტებით, 2012 წლის დასაწყისში მსჯავრდებულის დამ, მანანა ქიტიაშვილმა გამოკვლევებისა და ექსპერტიზისთვის საჭირო თანხა ისესხა და 17 იანვარს ადვოკატმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება გააფორმა: „ხელშეკრულებაში ნათლად და მკაფიოდაა მითითებული, რომ ქიტიაშვილს ექსპერტიზა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში უნდა ჩატარებოდა. ამ ვადას დაახლოებით სამი კვირა გადასცდა და ვერა და ვერ მივიღეთ დასკვნა. ექსპერტთან კონტაქტი აქვს პატიმრის დას. მისგან ვიცი, რომ დასკვნა დაახლოებით 1 თვის წინ მომზადდა. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივედით და დასკვნა მოვიკითხეთ, მაგრამ იქ საპირისპირო გვითხრეს - დასკვნა მზად არ არისო. ანუ დასკვნას არ გვაძლევენ“. მამუკა ნოზაძე ვარაუდობს, რომ დასკვნის გაცემის დაგვიანება მისი შესაძლო გაყალბებით შეიძლება იყოს გამოწვეული: „ზაქარია ქიტიაშვილის მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ უფრო დამძიმდა. დღეის მონაცემებით იგი სავალალო მდგომარეობაშია, მას აქვს ისეთი დიაგნოზი, რომ მისი განკურნების პერსპექტივა არ არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუ არა გაუარესებისა და სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნას აყალბებენ. ხელშეკრულების გაფორმებისას მოვითხოვე კონკრეტულად დაესვათ დიაგნოზი და დაეწერათ, ეს პატიმარი არის მძიმე, პროგნოზულად მძიმე თუ საშუალო სიმძიმის. ამგვარი ფორმა შუალედური დასკვნის დაწერის შესაძლებლობას გამორიცხავს და როგორც ჩანს, დასკვნაში მათ რეალური მდგომარეობის ასახვა არ უნდათ. 33 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც 2006 წელს დააპატიმრეს და რომელსაც ტუბერკულოზი ციხეში, 2008 წელს შეეყარა, ახლა ფაქტიურად სივკდილის პირასაა. მასთან პაემანზე მიდის ხოლმე და, მანანა ქიტიაშვილი, რომელიც მეუბნება, რომ პატიმარი ხელით გამოჰყავთ და ბოლო შეხვედრისას მან სთხოვა, რომ პაემანზე განცხადება აღარ დაეწერა, რადგან სხვისი დახმარებით პაემნის ოთახში გამოსვლაც კი უჭირს. იგი დას სთხოვს, რომ მოხუც მშობლებს მისი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ არაფერი უთხრას“. იმას, რომ ზაქარია ქიტიაშვილი დაკავებისას ტუბერკულოზით არ იყო დაავადებული, ადასტურებს საპატიმროში შედგენილი სამედიცინო ისტორია. აღსანიშნავია ის, რომ ზაქარია ქიტიაშვილთან მიმართებაში ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებაზე. ანუ, დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა - „იცით რა მითხრეს?! ძალიან ბევრ პატიმარზე გაქვთ ანალოგიური მოთხოვნა და ვერ დავაკმაყოფილებთო“. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ევროპული სასამართლოს უარმაც დიდი როლი ითამაშა 33 წლის ზაქარია ქიტიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საქმეში. ადვოკატმა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქალაქო სასამართლოს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ანალოგიური განმეორდა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. |