თბილისს „ყვითელი“ პრობლემები ემატება

თბილისს „ყვითელი“ პრობლემები ემატება

ყვითელი ავტობუსების თბილისში შემოყვანის პროცესი საკმაოდ ხმაურიანი იყო და თემა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. საქმე ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერია ყვითელი ავობუსების გაუქმებას და მათ ნაცვლად ყვითელი მიკროავტობუსების გაშვებას აპირებს იგივე მარშრუტებზე. თბილისის მერიაში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძირითადად ასეთი „გავრცელებული ინფორმაცია“, რომელსაც თბილისის მერია უარჰყოფს, როგორც წესი, ცოტა ხანში რეალობად იქცევა ხოლმე.

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გია ყრუაშვილი presage.tv -სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია თავად თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს N85 მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს.

აღნიშნული მარშრუტის მძღოლები მათთან ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანის და მაღალი გადასახადის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ, რადგან მათი განცხადებით, რაც ახალ მიკროავტობუსებზე დაიწყეს მუშაობა, მათმა შემოსავალმა საგრძნობლად იკლო. გია ყრუაშვილის განცხადებით, სწორედ ამ გაფიცვის დროს მძღოლებთან მისულმა თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დააწყნარეს ისინი, - „ცოტა ხანში ყვითელი ავტობუსები საერთოდ აღარ იქნება, მარტო თქვენ დარჩებით და თქვენი შემოსავალიც შესაბამისად, გაიზრდებაო“.

თავად აღნიშნული მარშრუტის მძღოლები მათთან მერიის წარმომადგენლების მისვლას და ასეთი ინფორმაციის მიწოდებას presage.tv -სთან უარყოფენ, თუმცა სხვა მიკროავტობუსების მძღოლების მსგავსად, ადასტურებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათაც აქვთ. გასაგებიც არის მათი მხრიდან ამ ფაქტის უარყოფა. დღევანდელ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ყველა ერიდება ზედმეტ პრობლემებს და რა თქმა უნდა, არავინ დაადასტურებს მსგავს ინფორმაციას, რადგანაც შესაძლოა, შემდეგ, სამსახურის გარეშე დარჩეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტობუსების მძღოლების განცხადებით, შესაძლოა, ცოტა ხანში, საღამოს საათებში თბილისში ავტობუსებმა აღარ იმოძრაონ.

„როგორც გავიგეთ, შეიძლება საღამოს 8 საათის შემდეგ ავტობუსებმა აღარ იმოძრაოს, რადგან ეს მათთვის ხარჯიანია. რაც შეეხება ავტობუსების მირკოავტობუსებით ჩანაცვლებას, ამის შესახებ ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არჩევნებამდე ეს არ მოხდება. თუ არჩევნებში ისევ ამათ გაიმარჯვეს (ნაცმოაძრაობამ) მერე კი აუცილებლად დაგვახრჩობენ ყველანაირად,“ - აცხადებს presage.tv -სთან საუბარში ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება თავად ყვითელ ავტობუსებს, presage.tv -სთან საუბარში როგორც ავტობუსების, ასევე სხვადასხვა ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, თბილისის მერიამ თავიდანვე ამორტიზებული ავტობუსები შეიძინა, მათი დიდი ნაწილი დღეს ჩამოწერილია და ასე ყრია მერიის ავტოსადგომზე.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ავტობუსები თავიდანვე უვარგისი იყო, ახლა კი ავტოპარკში ყრია მათი უმეტესობა, რადგან საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან“, - აცხადებს presage.tv -სთან საუბარში ერთ-ერთი მძღოლი.

ამ ინფორმაციას presage.tv -სთან საუბარში „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გია ყრუაშვილიც ადასტურებს.

„ავტობუსების 50% ავტოფარეხებშია უკვე ჩამოწერილ მდგომარეობაში. ჩნდება კითხვა, თუ ავტობუსების შესაძენად გამოყოფს ქალაქის მერია თანხას, შემდეგ რატომ ვეღარ ნახულობენ თანხებს, რომლებიც ამ ავტობუსების გარემონტებისთვის არის საჭირო? ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, გამოყოფენ კოლოსალურ თანხას, გაიკეთებენ პიარს, რომ ხალხის კომფორტზე ზრუნავენ და თვითონ ისქელებენ ჯიბეებს“, - აცხადებს ყრუაშვილი

მართლაც 2008 წლის შემდეგ თბილისში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს საგრძნობი გახდა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს. თუ თავიდან ავტობუსის ლოდინისთვის 3-4 წუთი იყო საკმარისი, ახლა ინტერვალი გაიზარდა და შესაძლოა, 10-15 წუთი და ზოგან უფრო მეტი დროის განმავლობაში არ მოვიდეს ავტობუსი.

გია ყრუაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავადაც ამ ტრასპორტით სარგებლობს და ხშირ შემთხვევაში, 20-30 წუთი უწევს ავტობუსის ლოდინი. ამას ემატება ავტობუსების გადატვირთულობა, რის გამოც, პიკის საათში ავტობუსით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია. გია ყრუაშვილის გაცხადებით, ვინაიდან ყვითელი მიკროავტობუსებიდან საკმაოდ დიდი მოგების მიღება შეიძლება, სწორედ ამის გამო არის მოსალოდნელი, რომ მოხდეს ავტობუსების მიკროავტობუსებით ჩანაცვლება.

„კვირაში საშუალოდ ორი ავტობუსი გამოდის მწყობრიდან. ავტობუსები არის ხარჯიანი. ამას ემატება ავტობუსის მძღოლების და მონიტორინგის სამსახურის ხელფასები, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა, ასევე შეღავათებით მოსარგებლე ადამიანები. ამიტომ, ავტობუსები თავისი შემოსავლებით ამ ხარჯებს ვერ აკმაყოფილებენ. მეორე მხრივ არის ყვითელი მირკოავტობუსების საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი, საიდანაც თითოეული მირკოავტობუსიდან ყოველდღიურად შარანგიები და უგულავა საშუალოდ 60 ლარს ღებულობენ. დღევანდელი მდგომარეობით „თბილისის მიკროავტობუსს“ შემოყვანილი ჰყავს დაახლოებით 3400 მიკროავტობუსი. საბოლოოდ კი, ეს რიცხვი 5000-მდე უნდა გაიზარდოს. გადაამრავლეთ ეს მონაცემი 60 ლარზე და უკვე საკმაოდ დიდ თანხას ვღებულობთ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჯობია ეს ხარჯიანი ავტობუსები მოიშორონ და შემოიყვანონ შემოსავლიანი მიკროავტობუსები. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მირკოავტობუსის შემოყვანა გახდება საჭირო. ვინაიდან დღის განმავლობაში თითოეულ ავტობუსს დაახლოებით 250-300 მგზავრი გადაჰყავს ერთი თავიდან მეორე ბოლოში, თითოეული ავტობუსი რომ ჩაანაცვლო, უხეშად რომ გავთვალოთ, ათი მიკროავტობუსი მაინც ხომ უნდა შემოიყვანო? გამოდის, რომ ჩემს მიერ ზემოთნახსენები 5000 გაათმაგდება და გახდება 50 ათასი მიკროავტობუსი. თითოეულიდან შემოსული, საშუალოდ, 60 ლარიანი დღიური გეგმა კი კიდევ უფრო გაასქელებს შარანგიების ჯიბეს“, - აცხადებს გია ყრუაშვილი presage.tv -სთან საუბარში.

ყველაფერ ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მუნიციპალური ტრასნპორტით მგზავრობისას გარკვეული კატეგორიის ადამიანები სარგებლობენ შეღავათებით. მაგალითად, სოციალურად დაუცველი პირებისთვის ამ ტრასნპორტით მგზავრობა უფასოა ისევე, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასური განახევრებულია. ეს შეღავათები არ მოქმედებს მიკროავტობუსებში. ამდენად, თუკი ქალაქში ავტობუსები აღარ იმოძრავებს, ფაქტია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანებისთვის შეღავათები აღარ იარსებებს. ან თუნდაც დაწესდეს შეღავათი და ვთქვათ, მიკროავტობუსით მგზავრობა სოციალურად დაუცველი პირისთვის 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ღირდეს, რა თქმა უნდა, ეს მათთვის ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანსპორტით პრაქტიკულად ვეღარ ისარგებლებენ. ამასთანავე, ჩვენთან საუბრისას მძღოლებმა აღნიშნეს, რომ აქვთ ინფორმაცია ტრანსპორტის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მათი თქმით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური, შესაძლოა, ერთ ლარამდე გაიზარდოს. შესაბამისად, მოსახლეობისთვის ამ ტრასნპორტით მგზავრობა სერიოზულ პრობლემად იქცევა. დღეს მოქალაქეებს აქვთ არჩევანი, რომ 80 თეთრიანი მიკროავტობუსის ნაცვლად მეტროთი ან ავტობუსით ისარგებლონ, ავტობუსების გაქრობის შემთხვევაში კი მეტროპოლიტენი უბრალოდ ვერ გაუძლებს ამხელა დატვირთვას. დღესაც არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ მთელი დღის განმავლობაში ავტობუსების უმეტესობა სერიოზულად გადატვირთულია.

ამასთანავე, ყველას კარგად გვახსოვს, რომ როდესაც ყვითელი ავტობუსები შემოიყვანეს, თბილისის მერია გვიმტკიცებდა, რომ ამით ქალაქის განტვირთვა მოხდებოდა. თითოეული ავტობუსის ნაცვლად კი რამდენიმე მიკროავტობუსის შემოყვანის შემთხვევაში, ქალაქის განტვირთვაზე საუბარიც ზედმეტია, ეს კიდევ უფრო გაზრდის თბილისში ისედაც არსებულ საცობებს.

თბილისის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ ავტობუსების მიკროავტობუსებით ჩანაცვლების შესაძლებობას. presage.tv -ს მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ მსგავსი რამ საერთოდ არც კი განხილულა. ამიტომ მათთვის გაუგებარია, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. ამასთანავე, მერიაში არ ადასტურებენ, რომ ყვითელი ავტობუსები ამორტიზებულია ან თუნდაც მათი რიცხოვნობა შემცირებულია.

„მოგეხსენებათ, ეს არის ე.წ. „ბოგდანის“ ტიპის ავტობუსები, რომლებიც სულ ახლები იქნა შემოყვანილი და არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ“, - განგვიცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში. მერია ასევე უარყოფს მგზავრობის საფასურის გაზრდის შესაძლებლობას.

როგორც იტყვიან - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. სწორედ ასე უარყოფდა თბილისის მერია მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაზრდას შარშანაც და ზუსტად რამდენიმე თვეში მგზავრობა მაინც გაძვირდა. ვნახოთ, ამჯერად რამდენად გულწრფელია მათი დაპირება.