„გაზპრომი“ პოლიტიკური, არაგამჭვირვალე და საკმაოდ კორუმპირებული კორპორაციაა, რომელიც ნებისმიერ საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“.
ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა აცხადებს.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასებით, ამ კომპანიასთან „ახალ საფეხურზე გადასული ურთიერთობა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის სახიფათო და წამგებიანია“.
“გაზპრომზე” ნებისმიერი რაღაცის, მითუმეტეს, მილსადენის გასხვისება სარისკოა. არ არსებობს, „გაზპრომმა“ პოლიტიკურად არ გამოიყენოს ნებისმიერი ბერკეტი, რომელსაც მას მივცემთ. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, გარდა იმისა, რომ კომერციული, არაგამჭვირვალე და საკმაოდ კორუმპირებული კორპორაციაა. ნებისმიერ რაღაცას, „გაზპრომი“ და კრემლი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ასე რომ, მათთან ყველანაირ ახალ საფეხურზე გადასული ურთიერთობა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის სახიფათო და წამგებიანია“,-განაცხადა რურუამ.
ცნობისათვის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკან, გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მართალია, მილსადენის “გაზპრომზე” მიყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე “გაზპრომის” გაზზე შეჯდომა, რადგან ეს პუტინის ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია.