"ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ "გაზპრომთან" შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია"

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, თანხა მიიღოს.

ვიცე-პრემიერის თქმით, „გაზპრომთან შეხვედრები დახურული არ არის, თუმცა იმაზე ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ პირდაპირ ეთერში ამ შეხვედრების გადაცემა შეუძლებელია. რაც შეეხება საუბრის თემას, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვიღებთ გატარებული მოცულობის 10%-ს ბუნებრივ აირს და გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე და დამატებით დეფიციტის შევსება მოვახერხოთ წამოღებული მოცულობით, საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე“, - განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა  ექსპერტებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  მისი უწყება მზადაა დაინტერესების შემთხვევაში ექსპერტებს სხვა დროსაც შეხვდეს.

„მე ვფიქრობ, დადებითი შეხვედრა იყო. იყო კითხვები, რომლებსაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაეცა პასუხები. მივესალმები ზოგადად ასეთ შეხვედრებს. თუ მომავალშიც იქნება ინტერესი არამხოლოდ ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებითაც ენერგეტიკის სამინისტრო ყოველთვის იყო მზად, მუშაობდა გამჭვირვალედ და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.