ვიცე-პრემიერობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ოპოზიციის მხრიდან რიტორიკული ლოზუნგების მაგივრად რეალური წინადადები წამოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის უმცირესობას შეხვდეს და საკითხი განიხილოს.
"შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ეს ნაბიჯები გადასადგმელია და სიამოვნებით შეგხვდებით, მოვისმენ თქვენს წინადადებებს ამ მიმართულებით. ასევე ვთხოვ შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად მივუდგეთ ამ საკითხის განხილვას და თუ ჩვენ მოვნახავთ საერთო ნიადაგს, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს წინადადებებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, მისი თქმით, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა არაერთი საინტერესო ინციატივა გააჟღერა დღეს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდა, გაეცნონ ამ ინფორმაციას.
"შესაცვლელი საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ბევრი რამ არის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენი კაბინეტის სულისკვეთებაა, მოვისმონოთ თქვენი წინადადებები, განვიხილოთ. თუ თქვენი მხრიდანაც იქნება არა რიტორიკული ლოზუნგები, არამედ წინადადებები რეალური თანამშრომლობისთვოს, ჩვენი მხრიდან უარი არასდროს იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.