როცა ქვეყანა დემოკრატიულ სისტემაზე გადადის და ბიზნესს წნეხისგან ათავისუფლებს, ეკონომიკური მაჩვენებლების შენელება მოსალოდნელიც იყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი დადებითისკენ იცვლება და ამასთან დაკავშირებით შესაბამის შეფასებას საზოგადოება გააკეთებს.
"რეჟიმის შემდეგ როცა ქვეყანა გადადის დემოკრატიულ სისტემაზე და როდესაც ქვეყანა ათავისუფლებს ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან, აბსოლუტურად მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება. ამ შენელების მიზეზები, როგორც უკვე ვთქვი, იყო როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებისგან განპირობებული. გავიხსენოთ ის მოვლენები, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში. მახსოვს ჩემი სახლის წინ კვირების განმავლოვაში იდგა სპეციალური სოდ-ის ე.წ. მანქანები", -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდეს, რაზეც მან განმარტა, რომ საზოგადოება თავად გააკეთებს შეფასებას მომხდარ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"შედარება არის საზოგადოების საქმე და საზოგადოება კარგად ხედავს იმ განსხვავებას, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ არის როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები. Mმაგრამ ტენდენცია რომ დადებითია, ამაზე არა მგონია ვინმეს რამე კითხვა ჰქონდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირსობის წარმომადგენლებს ხვდბა.