თეა წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის საკანონმდებლო გეგმაზე ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა.
"დასრულდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში მოვამზადეთ. თქვენ იცით, რომ ბავშვის უფლებებს შესაბამისი უწყებები ვერ იცავენ, თუ ბავშვის სახელი და გვარი არ არის ცნობილი. პაკეტი მოიცავს ყველა მიმართულებას: იუსტიციას, ჯანდაცვას, სასამართლოსა და პოლიციას. ნაძალადევში, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში, 15 ასეთ ბავშვთან დამეგობრება და შესაბამისად, მათი დახმარება მოვახერხეთ, თუმცა, ეს საკმარისი არაა და ამიტომ შემოვიტანთ ცვლილებათა პაკეტს. მათთან რეალურად ძალიან დიდი სირთულეების შემდეგ, მაგრამ მოვახერხეთ დაგვემყარებინა კონტაქტი. ახლა მზაობა აქვს როგორც პოლიციას, ისე ჩვენ, რომ პაკეტი გამოვიდეს თქვენს წინაშე და იქცეს კანონად. რეფორმის შექმნაში გვეხმარებოდა UNISEF-ი, ასევე ძალიან დაინტერესებული იყო აშშ-ს საელჩო საქართველოში", - განაცხადა წულუკიანმა.