სახალხო დამცველის ანგარიში: 2010 და 2011 წლები პატიმართა სიკვდილობის დონის მკვეთრი მატებით გამოირჩეოდა

სახალხო დამცველის ანგარიში: 2010 და 2011 წლები პატიმართა სიკვდილობის დონის მკვეთრი მატებით გამოირჩეოდა

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით,  სახალხო დამცველი  პარლამენტში გამოსვლისას  პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრებს. ტუღუშის განცხადებით,  პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტებში სასჯელაღსრულების დირექტორები, მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ფიგურირებენ. სახალხო დამცველი  პარლამენტში კონკრეტულ სახელების და გვარების დასახელებას აპირებს, რომლებსაც პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

გიორგი ტუღუშის თქმით, ესენი არიან მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების, ქსნის დაწესებულების, ქუთაისის #2 და გლდანის # 8 დაწესებულებების დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, რეჟიმის უფროსები, სოციალური მუშაკები და სხვა კონკრეტული თანამდებობის პირები.
,,პატიმრები მათ არასათანადო, უხეშ მოპყრობაში, გინებაში, ცემაში, უკანონო დასჯაში, სხვადასახვა მითითებების გაცემაში ადანაშაულებენ. ერთადერთი დოკუმენტი ჩემთვის პატიმართა დაზიანებებია, რომელიც არაერთ ფაქტზეა აღწერილი. ვიდეოჩანაწერი ნამდვილად ვერ იარსებებს ამ შემთხვევების. ყველა ფაქტს ზუსტი აღწერილობა აქვს, როდის ჰქონდა ადგილი, სად ჰქონდა ადგილი, ვის მიერ განხორციელდა. საგამოძიებო ორგანო ამითი თუ დაინტერესდება დამერწმუნეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში შედეგს მიიღებს. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა ფაქტი 100 პროცენტით დადასტურებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ არც ერთი პირი პასუხისგებაში არ მიეცეს. ამ ფაქტებზე გამოძიებას ვითხოვთ”,-განაცხადა ტუღუშმა.

 მისვე ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში ბოლო მონიტორინგის დროს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დახვდათ. კერძოდ, გადალაპარაკებისთვის და ხმაურისთვის კარცერში ჩაყვანილი იყო 400 -მდე პატიმარი.

სახალხო დამცველის  2011 წლის ანგარიში პარლამენტში დღეს შევა. 600-გვერდიანი დოკუმენტი 25 ქვეთავადაა დაყოფილი.

ტუღუშის ახალი ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია. 
ტუღუშის განცხადებით,  2011 წლის პატიმართა სიკვდილიანობის მონაცემები, ფაქტობრივად, 2010 წლის იდენტურია. 2011 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში 140 პატიმარია გარდაცვლილი, 2010 წელს კი - 142 იყო.

”პატიმართა რაოდენობა იგივეა - 24 300, რაც 2010 წელს იყო. თუმცა,  სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შენარჩუნებულია. 140 ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება პენიტენციურ სისტემაში ვერ პასუხობს სტანდარტებს. რამდენიმე პატიმრის გარდაცვალების დასკვნა, რომლებიც ჩვენს მიერ იყო შესწავლილი, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არ უნდა დარჩენილიყვნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, მათი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ   იქ მკურნალობა და ზრუნვა ფაქტობრივად  შეუძლებელი იყო. ანუ,  პირები, რომლებიც ექვემდებარემოდნენ სასჯელის გადავადებას, სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს თამამად შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას ამ ადამიანების მიმართ”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,  2010 და 2011 წლები  ასევე პატიმართა სიკვდილობის დონის მკვეთრი მატებით გამოირჩეოდა. 
2011 წლის ანგარიშშის თანახმად, 2006-2009 წლებში, სიკვდილობის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. 2010 და 2011 წელს ამ მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და წინა წლებთან შედარებით მკვეთრად იმატა, რაც მეტად საყურადღებო და დამაფიქრებელი ფაქტია.

მონაცემების მიხედვით, 2011 წელს, საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებზე რიცხული 140 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 77 (55%) წლის პირველ ნახევარზე, ხოლო 63 (45%) წლის მეორე ნახევარზე მოდის. 2011 წლის განმავლობაში გარდაცვლილთა შორის 5 (4%) ქალია, 135 (96%) მამაკაცი.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 22 წლის იყო, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 80 წლის. გარდაცვლილთა საშუალო ასაკმა წლის პირველ ნახევარში 46 ± 4 შეადგინა, ხოლო წლის მეორე ნახევარში 50 ± 4. აღნიშნული ფაქტი მცირე ზრდის ტენდენციას ავლენს წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.