პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში განახლებული კოხტას გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პროექტის განხორციელების იდეა გაიხსენა. მან ბიზნესმენ, მამუკა ხაზარაძესთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„შევხვდით მე და ბატონი მამუკა ხაზარაძე და ვთქვით - რა ვუყოთ კოხტას, ამდენი წელია, გაჩერებულია, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მარტო კერძო სექტორი ვერ უმკლავდებოდა ამხელა საინვესტიო პროექტს. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ სახელმწიფო თავის მხრივ, ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურაში - საბაგიროში და გზის მოწესრიგებაში ინვესტიციას განახორციელებდა. კერძო სექტორი კი, „ჯიარდისის“ სახით თავის თავზე აიღებდა თანამედროვე, ახალი დასახლების მშენებლობას, ანუ სასტუმროებს, გასართობ, სავაჭრო ცენტრებს და სხვა“
. კვირიკაშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელება უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში, 3 თვეში მოესწრო. „მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კოხტას საბაგირო აღდგა. ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის ყველაზე მსხვილი მაგალითი; საქართველოს მასშტაბით, უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც ახალ ტურისტებს მოიზიდავს. მთლიანობაში, ეს 12 თვიანი კურორტი იქნება, სადაც ოჯახური დასვენებისათვის განსაკუთრებულად კარგი პირობები შეიქმნება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.