"გაზპრომმა" და "სოკარმა" აზერბაიჯანში რუსული გაზის ექსპორტის გაზრდაზე იმსჯელეს

"გაზპრომმა" და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარმა" აზერბაიჯანში რუსული გაზის ექსპორტის გაზრდაზე იმსჯელეს. "გაზპრომის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,

აღნიშნულ საკითხზე გუშინ სანქტ-პეტერბურგში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ისაუბრეს. "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანში რუსული გაზის ექსპორტის საკითხს. განხილულ იქნა მიწოდების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა, რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.