თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მისი ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს, რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად. "ტასის" ინფორმაციით , ამის შესახებ მან ანტალიაში, რუსული კულტურისა და ხელოვნების საზოგადოების მონახულებისას განაცხადა.
"ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ეს კრიზისული პერიოდი დავძლიოთ. ნუ დარდობთ, ერთხელაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა არაერთხელ, სხვადასხვა პლატფორმაზე განაცხადეს, რომ ძალიან წუხან რუსეთის თვითმფრინავთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საქმეში. მინისტრის განცხადებით, ახლა აუცილებელია იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გადაწყდეს შექმნილი ვითარება.
"არ შეიძლება, რომ კრიზისის გამო იტანჯებოდეს ორი ქვეყნის მოსახლეობა. სამწუხაროდ, რუსეთში ნეგატიური ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ზოგიერთი მოქალაქის მიმართ და პირადად გადავეცი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ჩემი შეშფოთება. ვიმედოვნებ, რომ რუსი მეგობრები გადახედავენ მიღებულ მოქმედებებს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, კრიზისის შემდეგ თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ არ გადაუდგამს ნეგატიური ნაბიჯები. "რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამიტომ, მოთმინებით ველით და არ ვიღებთ ზომებს", - განაცხადა მინისტრმა.