პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სამი თვის განმავლობაში მოხდა განახლებული კოხტას პროექტის დაწყება და დამთავრება . ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში, განახლებული კოხტას გახსნაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ გაჩნდა ამ პროექტის განხორციელების იდეა.
"ძალიან მნიშველოვანი დღეა. მრავალი წლის შემდეგ კვლავ იხსნება სრულიად ახალი ტიპის საბაგირო. მოკლედ მოგიყვებით თუ როგორ მოხდა ეს ამბავი. შევხვდით მე და მამუკა ხაზარაძე და ვთქვით რა ვუყოთ ამ კოხტას, რამდენი წელია გაჩერებულიაო. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მარტო კერძო სექტორი ვერ წევდა ამხელა საინვესტიციო პროექტს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო განახორციელებდა ინვესტიციას ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურაში - საბაგიროში და გზის მოწესრიგებაში და კერძო სექტორი კომპანია "ჯიარდისის" სახით თანამედროვე, ალპური სტანდარტებით დაგეგმილი, ფაქტობრივად ახალი დასახლების მშენებლობას. საუბარია სასტუმროებზე, გასართობ ცენტრებზე, სავაჭრო ცენტრებზე და ა.შ.
შევთანხმდით, გავაფორმეთ ხელშეკრულება და უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სამი თვის განმავლობაში მოხდა მთელი ამ პროექტის დაწყება და დამთავრება. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომელიც არის უდიდესი ძალისხმევის შედეგი. პირველ რიგში არ შეიძლება არ ვთქვა მთის განვითარების კომპანიის დამსახურება და მადლობას ვუხდი. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია "ჯიარდისის", რადგან მათი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ პროექტის დასრულება.
მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც დაასრულა ეს პროექტი. ასევე ადგილობრივ გამგეობას, გუბერნატორს უდიდესი მხარდაჭერისთვის", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის პროექტის დასრულება - დღეს დამონტაჟდა 3.1 კილომეტტის სიგრძის ტრასაზე საბაგირო, ეს საბაგირო გაგრძელდება მიტარბის მხარეს და განვითარდება მიტარბის მხარეზე.
"ორივე საბაგიროს ძირში კომპანია "ჯიარდისის" მიერ აშენდება თანამედროვე სასტუმროები, სასტუმრო ცენტრები, ხოლო მთლიანად ბაკურიანში დამატებით სხვა სპორტული სახეობებისთვის განვითარდება ინფრასტრუქტურა. ბიატლონის ტრასა განვითარდება და სამუშაოები 2016 წელს დაიწყება. ასევე აშენდება დახურული ტიპის ყინულის მოედანი და მოხმარდება ჰოკეის და კერლინგის განვითარებას. ამას გარდა 2016 წელს დამონტჟდება სამთო ციგა, რომელიც, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში იქნება კარგი. ბაკურიანელებს და მთელ რეგიონს მინდა ვუთხრა, რომ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია. გაკეთებული გვაქვს საერთაშორისო კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ბაკურიანის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის საწოლების რაოდენობის სიმცირე. მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც უკვე აქვს სასტუმრო ბაკურიანში, რომ ახალი ინფრასტრუქტურის აშენება მათთვის არ ნიშნავს რაიმე ტიპის კონკურენციას. პირიქით, რაც უფრო მეტი სასტუმრო და აპარტ ოტელი აშენდება კოხტას ტერიტორაზე, მით უფრო მეტი სტუმარი ეყოლებათ უკვე არსებულ სასტუმროებს. სამთო მიმართულება არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ჩვენი მთავრობის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.