ყველას კარგად გვახსოვს რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტი, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ სტუდენტებს, რომლებმაც თავიანთ ბლოგზე თვითმმართველობის კრიტიკა გაბედეს. შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ დამნაშავეების მიმართ გაფრთხილებით შემოიფარგლა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ამის მიზეზად დამნაშავეების ასაკი დასახელდა. როგორც ჩანს, შსს-ს დაავიწყდა, რომ მსგავსი კი არა, ბევრად უფრო კორექტული ქმედებებისთვის მცირეწლოვანი პირები ჰყავს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, ან უფრო სარწმუნო იქნებოდა გვეთქვა, რომ როგორც წესი, დღეს სტუდენტური თვითმმართველობები „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატებს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომაც, მათთვის არ არსებობს უპატიებელი დანაშაული, მათ სრული „კარტ-ბლანში“ აქვთ მინიჭებული თავიანთ სასწავლებლებში და ყველა სიკეთე მხოლოდ მათთვის არსებობს. მათი რაიმე უკანონო ქმედების მამხილებელი კი მკაცრად ისჯება - ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლიც ხდება და ამისთვის პასუხსაც არავინ აგებს.
უნებურად ჩნდება იმის განცდა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ რაღაც დავკარგეთ, რაღაც ღირებული და ძალიან აუცილებელი. შეიძლება ეს დანაკარგი ორი სიტყვით გამოვხატოთ - სტუდენტური სული. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რაც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში სტუდენტური მოძრაობები. მაშინაც კი, კომუნისტური „რკინის კლანჭებში“ სტუდენტები ახერხებდნენ პროტესტის გამოხატვას და საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი პოზიტიური პოლიტიკური ცვლილება სწორედ სტუდენტური მოძრაობების აქტივობას უკავშირდება. საერთოდაც, სტუდენტური პროტესტი ყველა ქვეყანაში ყველაზე მძლავრ ბერკეტს წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.
დღეს კი სიტუაცია გვაქვს, როცა (ჟარგონისთვის ბოდიშს ვიხდით), „დაჩმორებულ“ ახალგაზრდებს, რომელსაც ცხვირწინ გაულახავენ მეგობარს, თანაკურსელს და ესეც კი არ ხდება მათთვის პროტესტის გამოხატვის მიზეზი. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ამ ფაქტს აპროტესტებდა, სტუდენტების უმეტესი ნაწილი, უბრალოდ, უნივერსიტეტის ბაღში ისვენებდა. მათ არ აღელვებდათ, რა ხდებოდა მათ სასწავლებელში.
უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც არსებობენ აქტიური სტუდენტების მცირერიცხოვანი ჯგუფები, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია „ლაბორატორია 1918“, რომლის წევრი ანა ჭანკოტაძე presage.tv-სთან საუბარში შექმნილი სიტუაციის მიზეზებს ასე ხსნის.
ანა ჭანკოტაძე (სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ის წევრი): „ეს არის გაგრძელება იმ ზოგადი ფონის, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. 90-იან წლებთან შედარებით ვითარებას სპეციფიკური ფაქტორები დაემატა. განსხვავება არის ის, რომ მაშინ რაღაც ზოგადი აღტკინება იყო და ეროვნული ნიშნით იყვნენ გაერთიანებული ადამიანები, ახალ ქვეყანას ქმნიდნენ ერად. ერთსულოვნება სწორედ იმას ეფუძნებოდა, რომ აი ჩვენ ქართველები ერთად ვაშენებთ ახალ ქვეყანას. ახლა განსხვავებული მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ერთსულოვნება დაიკარგა იმის გამო, რომ სხვადასხვა ეკონომიკური კლასები ჩამოყალიბდა ამ ახალ ქვეყანაში. ერთმა ნაწილმა მოახერხა და კარგად მოიწყო ცხოვრება, მეორე ნაწილი კი საარსებო მინიმუმის გამომუშავებას ვერ ახერხებს, თავის ქვეყანაში, თავის თანამემამულეებს შორის. 90-იან წლებში სულ სხვა მდგომარეობა იყო, დღეს ფაქტობრივად დათრგუნულია ადამიანების დიდი ნაწილი. სტუდენტებშიც ასეთი მდგომარეობაა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებას განაპირობებს ის, რომ სტუდენტების ერთი ნაწილი, მაგალითად, თვითმმართველობა, თავის კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს. ამ ინტერესიდან გამომდინარე ისინი აკონტროლებენ დანარჩენ სტუდენტებს, რომ არ იაქტიურონ, თავიანთი ინტერესებისთვის არ იბრძოლონ, არ მოახერხონ თავიანთი ინტერესების გარშემო გაერთიანება, უფლებების მოპოვება, დაცვა და ა.შ.“
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სტუდენტური პროტესტის არარსებობასთან დაკავშირებით, ანა ჭანკოტაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს განაპირობა რექტორის დაპირებამ, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. თუმცა ანა აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ დაპირებისა და მიუხედავად იმისა, რომ ნაცემი სტუდენტი პირდაპირ ასახელებს დამნაშავეების ვინაობას, არც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ სახელებსა და გვარებს საჯაროს არ ხდის. ანა ჭანკოტაძე ამას იმით ხსნის, რომ ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან და შეუძლებელია ერთმა ნაწილმა მეორე დასაჯოს. ანა ჭანკოტაძე ამ ფაქტს ადარებს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის საქმეს, რის გამოც, მართალია, ხაშურის პოლიციის უფროსი მოხსნეს თანამდებობიდან, მაგრამ იგი არავის დაუსჯია.
ჟურნალისტი ზვიად დოლიძე კი იმ დროს იხსენებს, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კომკავშირი, მაგრამ ამბობს, რომ მაშინ კომკავშირელები ვერაფრით ვერ გაბედავდნენ, ვინმეს ფიზიკურად გასწორებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ამისთვის შესაბამის პასუხს მიიღებდნენ.
„მე არავის მოვუწოდებ ხელჩართული ჩხუბისკენ, მაგრამ ეტყობა ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაუვიდოდათ რაც ჩაიდინეს. ასეა, ხელისუფლების მომხრე სტრუქტურას აკეთებს იმას, რაც უნდა, რადგანაც გასდის,“ - ამბობს ზვიად დოლიძე presage.tv-სთან საუბარში. ამასთანავე იგი იხსენებს, რომ თავის დროზე მიღებული იქნა უნივერსიტეტის დეპოლიტიზაციის გადაწყვეტილება, დღეს კი უნივერსიტეტს პრაქტიკულად ავტონომიაც კი აღარ აქვს. ზვიად დოლიძე სინანულით აღნიშნავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც თითქოსდა არის არჩეული ორგანო, პრაქტიკულად არის მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელი.
საერთოდაც ჟურნალისტი ფიქრობს, რომ სტუდენტი არასოდეს უნდა იყოს კმაყოფილი.
„საერთოდ არანორმალურად მიმაჩნია, რომ სტუდენტი იყოს კმაყოფილი. მესმის, რომ პირველი ფუნქცია სტუდენტის არის სწავლა, მაგრამ იგი მუდმივად (კარგი გაგებით) უკმაყოფილო უნდა იყოს, მუდმივად უნდა ითხოვდეს უკეთესს, სწავლის ხარისხი იქნება, გადასახადის შემცირება თუ რამე სხვა. სტუდენტები საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი იყო საქართველოში, კომუნისტების დროსაც კი. ეროვნულ მოძრაობასაც თუ გავიხსენებთ, 56 წლის ამბებით დაწყებული, გაგრძელებული 78 წლის ენის საკითხით და ა.შ. ყველაფერი იყო სტუდენტების ინიციატივა“, - აცხადებს ზვიად დოლიძე.
აქვე იგი იხსენებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს და ამბობს, რომ სტუდენტების მიერ გამოხატული პროტესტი იყო არა იმ ფორმით და იმ დოზით, როგორც უნდა ყოფილიყო.
„რაღა დასამალია (ამდენი წელი გავიდა) ცოტა არ იყოს ასეთ შემთხვევებს ვეძებდით, ხანდახან პროვოკაციაზეც მივდიოდით (არც ეს არის დასამალი), რათა რაღაც გვქონოდა საყვირელი და საძახებელი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ამით სწავლას რამეს ვაკლებდით, მშვენივრად ვსწავლობდით კიდეც“, - ამბობს ჟურნალისტი და გაოცებას გამოხატავს იმის გამო, რომ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების არსებობის პირობებში სტუდენტები დღეს ვერ ახერხებენ იმის მეათედის გაკეთებასაც კი, რასაც აკეთებდა 80-90-იანი წლების სტუდენტობა. დოლიძეს მაგალითად მოჰყავს უნივერსიტეტის გაზეთი, რომელიც მაშინ უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან თავისუფალ აზრს გამოხატავდა.
„როგორ გგონიათ, მაშინ პრობლემა არ იყო, სტამბის დაბლოკვა არ ხდებოდა თუ რა, მაგრამ იმ უნივერსიტეტში იყვნენ ლექტორებიც, რომლებიც რაღაცნაირად მხარში ედგნენ სტუდენტებს. ამ საუბარში მივედით შექმნილი სიტუაციის ერთ - ერთ მიზეზამდე. ეს არის ლექტორები, რომლებიც ჯერ ერთი, უკვე ისე არიან შერჩეულები, რომ ხელისუფლების ნებისმიერ ხუშტურს ეთანხმებიან, და მეორეც, პათოლოგიური შიში აქვთ სამსახურიდან დათხოვნის“.
„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე იხსენებს, რომ 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში სტუდენტური მოძრაობა იყო თავისუფალი, მოტივირებული ნათელი მიზნით, რომელსაც ერქვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
„ჩემი 46 წლის ცხოვრების მანძილზე თუ რამე მაქვს კარგად მოსაგონარი და კარგი გაგებით საამაყო, სწორედ ეს წლებია. ამიტომ, ვერანაირად ვერ გავავლებ პარალელს მაშინდელ სტუდენტურ მოძრაობებსა და ახლანდელ სიტუაციას შორის, რადგან პარალელები ივლება ერთ სიბრტყეზე. მაშინდელი სტუდენტური მოძრაობა და ახლანდელი სტუდენტური მოძრაობა არის აბსოლუტურად სხვადასხვა სიბრტყე და წმინდა გეომეტრიულად რომ გითხრათ, აქ პარალელურ წრფეებს ვერ გავავლებთ, ეს არის აცდენილი წრფეები, რომლებიც ვერასდროს ვერ გადაიკვეთებიან. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პრინციპში და ძირითადში, ეს ორი ეპოქა უკიდურესაც განსხვავებულია ერთმანეთისგან. რაც შეეხება სტუდენტურ თვითმმართველობას, ყოველგვარი ზედმეტი მორიდების გარეშე ვიტყვი, რომ პირველად არა თუ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში და შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც (თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს) პირადად ჩემი მონაწილეობით საქართველოს მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თავისუფალი სტუდენტური მოძრაობა და ჩვენ ჩვენი შეუპოვარი ბრძოლით შევძელით, რომ ჩამოგვეშორებინა ამ მოძრაობისაგან მართვადი სტუდენტური ელემენტი, რასაც კომკავშირი ერქვა. სამწუხაროდ, 22 წლის თავზე, დღევანდელ საქართველოში ისევ შეიქმნა მართვადი სტუდენტური ორგანიზაციები სტუდენტური თვითმმართველობის სახით და მათ არაფერი საერთო არ აქვთ იმ სტუნდეტურ კავშირებთან, რომლებიც მაშინდელი სტუდენტური მოძრაობების წარმმართველი ძალა იყო და რომლის სათავეებთანაც ვიდექი პირადად მე. ამიტომ, ძალიან დიდი გულისწყვეტით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს თავისუფალი სტუდენტური მოძრაობა პრინციპში არ არსებობს“, - ამბობს მამუკა კაციტაძე presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობა ყოველთვის იყო სარკე და პრობლემების წინ წამომღები, მაგრამ სტუდენტურ მოძრაობას ყოველთვის სჭირდება რაღაც იდეა. მაშინ ეს იყო დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის იდეა. მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ დღევანდელ სტუდენტურ მოძრაობას სჭირდება ახალი გარეჯი. დღევანდელ დღეს ამას ვერაფერი ვერ ჩაენაცვლა - ვერც დემოკრატია, ვერც ადამიანის უფლებები, ვერც ვერაფერი სხვა.
„იმედი მაქვს, რომ ნებისმიერი თაობის სტუდენტობაში ისევ გაჩნდება ახალი იდეა, რაც ჩემი თაობისთვის იყო გარეჯი, რაც იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა შესაფერისი იმ ეპოქისა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, მაგრამ ეს უნდა იყოს იდეა და არა რაღაც პრაგმატული, გამორჩენითი აზროვნებით შეპყრობილი ადამიანების მიმზიდველი ორიენტირი“, - ამბობს მამუკა კაციტაძე.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საერთოდ ყველანაირი განწყობები, საზოგადოების იქნება მთლიანად, თუ ახალგაზრდული, არის განპირობებული გარემოთი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საბჭოთა კავშირი, 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში რეჟიმი იყო უკვე სუსტი და რაც მთავარია, ეროვნულ - პატრიოტული განწყობები საზოგადოებაში იყო გაცილებით უფრო მძაფრი.
„ჯერ ერთი ამას ხელს უწყობდა სატელევიზიო პროგრამები, რომლებიც უფრო ეროვნული გახდა ბოლო პერიოდში და რაც მთავარია, განათლების სისტემა უფრო ორიენტირებული იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე და როგორც კი დადგა საფრთხე ქართული ენის სახელმწიფოებრიობისა, მაშინვე მთელი ახალგაზრდობა დაირაზმა ენის დასაცავად და მთელმა მსოფლიომ ნახა ის პროტესტი, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა. ვიმეორებ, ამაზე ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა იმ განათლების სისტემას, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა ქვეყანაში.
ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა, ახალგაზრდობის განწყობებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღარ ვართ საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ქართულ სახელმწიფოზე ორიენტირებული პოლიტიკა უფრო შესუსტებულად არის, ვიდრე იმ პერიოდში იყო. დღეს ხელისუფლება ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არანაირად არ არის ორინეტირებული სახლმეწიფოებრიობის ჩამოყალიბება - განვითარებაზე, რაც აისახება ადამიანების, მით უმეტეს სტუდენტების განწყობაზე. მაშინ, მართალია, კომკავშირი არსებობდა, მაგრამ ის არანაირ დაპირისპირებაში არ შედიოდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც არ იყვნენ კომკავშირის მოხმრეები, მაგალითად ჩვენთან, დისიდენტებთან. შეიძლება მათ არ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა სხვაგვარად მოაზროვნე ახალგაზრდებთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურ დაპირისპირებას ვერ გაბედავდნენ. როდესაც ენის საკითხი დადგა, მაშინ ყველა ერთად იდგა, მათ შორის - კომკავშირიც. ეს თავისთავად მიუთითებს იმ განწყობებზე, რაც მაშინ საზოგადოებაში არსებობდა“, - იხსენებს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, დღეს ახალმა ხელისუფლებამ მეტნაკლებად წაშალა ეს განწყობები. ამან კი ყველაზე მეტად ასახვა ჰპოვა ახალგაზრდობაში. ეროვნულობის გაფერმკთალებას ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ამ ხელისუფლების პოლიტიკამ და დაბადა დაპირისპირებები ახალგაზრდებს შორის. ნანა კაკაბაძის თქმით, განხეთქილებები ამ სტუდკავშირების ხელოვნურად შექმნით და ეს დაპირისპირებები ხდება არა ეროვნული ინტერესების, არამედ რაღაც პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამო. ეს კი ძალიან ცუდია ქვეყნისთვისაც, თვითონ ამ ახალგაზრდებისთვისაც, და ბუნებრივია ამის შეცვლა შეიძლება მხოლოდ პოლიტიკის შეცვლით.
შექმნილი სიტუაციის ანალიზი presage.tv-მ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას სთხოვა.
ნანა ჩიჩუას თქმით, უკანასკნელ წლებში ძალიან გაუფასურდა საქართველოში ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელობა, რამაც გამოიწვია სტუდენტების გულგრილობა სასწავლო პროცესისადმი.
ნანა ჩაჩუა: „მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ სტუდენტობის პერიოდი, ასაკი უფრო ინფანტილური გახდა, ვიდრე იყო. პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ და ამავე დროს, სოციუმში ჩართულობის მოთხოვნილება არის ძალიან დაბალი.
რატომ არ არის ამის მოთხოვნილება? არსებობს მოთხოვნილებათა იერარქია. პირველი ფუნდამენტალური მოთხოვნილება არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. როდესაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, შემდეგ საფეხურზე უკვე აქტუალური ხდება უსაფრთხოების მოთხოვნილება. უსაფრთხოების მოთხოვნილებას თუ რაიმე საფრთხე აქვს, ან არ არის ის რეალიზებული, მაშინ არ დგება მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. ანუ, მე რაღაც გარკვეულ ჯგუფს მივეკუთვნებოდე, ამ ჯგუფს მე ვუყვარდე, მეც მიყვარდეს ამ ჯგუფის წევრები და ჩემი თვითიდენტობის გზა სწორედ ამ ერთ-ერთ მოთხოვნილებაზე გადიოდეს, ეს უსაფრთხოების მოთხოვნილება მათ არ აქვთ დაკმაყოფილებული, რადგან ქართული უმაღლესი სასწავლებლები, როგორც მოგახსენეთ, თავიანთი მნიშვნელობით უკვე აღარაფერს წარმოადგენენ. ამიტომ, ამ სასწავლებლებში სწავლა მათთვის არაფრის გარანტი არ არის. გაცილებით უფრო მეტი დაფასება აქვს უცხოეთში მიღებულ განათლებას.
პირველ ეტაპზე, როდესაც სამსახურში მოწყობის საკითხი დგება, იქ არავინ კითხულობს, ვის რა კომპეტენცია აქვს. პირდაპირ შეივსება ე.წ. „სივი“ და როდესაც იმ ნუსხაში აღნიშნულია, რომ განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაქვს მიღებული, უკვე უფრო პრივილეგირებული ხდები, ვიდრე სხვა. იმ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სისტემაში, რომელშიც ვიმყოფებით მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს, მაგრამ თავდაპირველად, ეს პროფესიონალიზმი ხომ არ ჩანს, მარტო ის ჩანს, სად მიიღე განათლება. ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ანუ, ძალიან მოკლედ რომ ჩამოვყალიბდეთ ქართული უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელობა ძალიან გაუფასურებულია. ადრე კი სტუდენტობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. ახლა თუ არის ჩართულობა, ანგაჟირებულობაა, სხვა არაფერი. ამიტომ აღარ არის ის გულწრფელი ჩართულობა, რომელიც ახალგაზრდული ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
სტუდენტური სტატუსს, რომელიც ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ, მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამასთანავე, არსებობს უამრავი უმაღლესი სასწავლებელი, რომელთა პრესტიჟულობის დიაპაზონი ძალიან ფართოა. არის ძალიან მდარე ხარისხის უმაღლესი სასწავლებელი და შედარებით მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხი ამ სასწავლებლებში განპირობებულია იმით, რომ იქ რამდენიმე ავტორიტეტული ლექტორი კთხულობს ლექციებს და იმ პიარით, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ შექმნილი, მაგრამ როდესაც უკვე რეალურად დადგება საკითხი, რომ ერთ სამუშაო ადგილზე ორი მსურველია, მაინც უპირატესობას მიანიჭებენ უცხოეთში განათლებამიღებულ ადამიანს“.