საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მის წინამორბედზე "გაცილებით კონსტრუქციულია და ალბათ , ასეთად დარჩება, თუ სხვა რაიმე მითითება არ მისცეს".
მიუხედავად ამისა, წერეთლის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის კითხვები და პრეტენზიები მთავრობასთან იგივე რჩება და ეს, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.
"ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკური ხედვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი წინამორბედის, ოღონდ ექნება თუ არა მას რაიმეს შეცვლის უფლება ან საშუალება, სხვა საკითხია. თუმცა ყველა შეცდომა, რომელიც აქამდე იყო, ბუნებრივია, მათ ერთად დაუშვეს", - განაცხადა წერეთელმა.
დეპუტატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულება ექნება ახალ პრმიერს ოპოზიციის მიმართ და გამოიყენებს თუ არა სიძულვილის ენას. "პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და მთავრობის მართლა ძალიან უხეშმა მიდგომებმა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოიწვია ის, რომ ამ ბრძოლაში ძალიან დიდი რესურსები დაიხარჯა და ქვეყანა უკან წავიდა", - აღნიშნა წერეთელმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ვერ და არ აიღებს პასუხისმგებლობას ახალი მთავრობის დამტკიცებაზე, მაგრამ საინტერესო იქნება საარჩევნო წელს მუშაობის პროცესი როგორ წარიმართება და ოპოზიციას ექნება თუ არა ხელისუფლებასთან ურთიერთობის სურვილი. "თუ იქნება ისეთივე მტრული დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, როგორც წინა პრემიერს ჰქონდა, ეს ცუდი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის", - დასძინა გიგი წერეთელმა.