საპარლამენტო უმრავლესობას გიორგი კვირიკაშვილთან განსაკუთრებული კითხვები არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობას გიორგი კვირიკაშვილთან განსაკუთრებული კითხვები არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან განსაკუთრებული კითხვები არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, თუ რა კითხვები ექნება უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან.

"გიორგი ჩვენი გუნდის წევრი იყო და არის. ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ან პროცესშია, მისი თანამონაწილეობით ხორციელდებოდა. ანუ რაიმე განსაკუთრებული კითხვები ჩვენ არ გვექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმენთ მის ხედვას, როგორც უკვე პრემიერ-მინისტრს რა მიდგომები ექნება, რა სიახლეს შეიძლება, ველოდოთ. რაიმე არსებითი ცვლილება სამთავრობო პროგრამაში ვერ იქნება, ბიუჯეტიც დატკიცებულია, ანუ ძირითადი მიმართულებები, რის მიხედვითაც მთავრობამ უნდა იმუშაოს, პრაქტიკულად განსაზღრულია, მაგრამ ახალი პრემიერის მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა კობახიძემ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მთავრობა ჩვეული მონდომებით გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით აქტიური ეკონომიკური ბლოკი უნდა იყოს. "ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ვფიქრობ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა 2016 წელი სამთავრობო გუნდისთვის, ისევე, როგორც პარლამენტისთვის", - დასძიანა მანანა კობახიძემ.