პარლამენტის ბიურომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურების განრიგი დაამტკიცა

პარლამენტის ბიურომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურების განრიგი დაამტკიცა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობისთვისთვის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურების განრიგი დამტკიცდა. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 28 დეკემბერს პარლამენტში მთავრობის წევრების მოსმენა გაიმართება, 29 დეკემბერს პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელზეც ნდობის საკითხს განიხილავენ.

"პარლამენტში შემოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატად წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის წარდგინება, რომელშიც ის გვთხოვს გამოვუცხადოთ ნდობა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. ორივე დოკუმენტი შემოსულია პარლამენტში.

გიორგი კვირიკაშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ არის მინიმალური ცვლილებები. კერძოდ, კვირიკაშვილის პრემიერად წარდგენის გამო ვაკანსია გაჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე და ამ თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. დანარჩენი მთავრობის წევრები უცვლელადაა პარლამენტისთვის წარმოდგენილი ნდობის მისაღებად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე წარმოდგენილია სამთავრობო პროგრამა – "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც გადამუშავდა პრემიერობის კანდიდატის მიერ.

"ჩვენ უკვე ვიწყებთ ჩვენს საქმეს. უნდა ჩატარდეს მთავრობის და მისი პროგრამის მოსმენები კომიტეტებში, პოლიტიკურ ჯგუფებში და შემდეგ პლენარულ სხდომაზე განვიხილოთ მთავრობისა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

29 დეკემბერს, 12:00 საათიდან, დაგეგემილი გვაქვს პლენარული სხდომა, რომელზეც ნდობის საკითხს განვიხილავთ, ხოლო ხვალ, 28 დეკემბერს, დღის განმავლობაში უნდა დავგეგმოთ საპარლამენტო კომიტეტებში და პოლიტიკურ ჯგუფებში აღნიშნული საკითხის განხილვა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, გაითვალისწინეს წინა პრეცედენტები, კერძოდ, კომიტეტები და სამინისტროები დაჯგუფებული არიან თემატურ ბლოკებად.

ამასთან, საკომიტეტეო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. "ამის შემდეგ რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარებას.

ჩვენ შევაჯამებთ შედეგებს, დასკვნებს და უკვე მოვემზადებით სამშაბათს, 12:00 საათიდან პლენარული სხდომისთვის. აქ დღის წესრიგში ეს ერთი საკითხი იქნება", -განაცხადა უსუფაშვილმა.