ჩემი ადმინისტრაციის ბიუჯეტის ნახევარი დავხარჯე იმაზე, რომ კონსტიტუცია წიგნებად დამებეჭდა და დამერიგებინა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რითაც მის მიერ სხვადასხვა საკითხზე გაკეთებულ განცხადებებსა თუ ქმედებებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ხედავს მისი, როგორც პრეზიდენტის გაჩუმების ტენდენციას. "ვხედავთ ტენდენციას, რომ რაღაცნაირად მოხდეს პრეზიდენტის გაჩუმება. ხან არის კონსტიტუციის მოტანის, ხან "ძალთა გამიჯვნის მოტანის" მცდელობა. სულ არის საუბარი, რომ პრეზიდენტი, მაგალითად, ზემოქმედებას ახდენს სასამართლოზე... გუშინაც მოვისმინე განცხადება, რომ თურმე ხმის ამოღება არ შეიძლებოდა, რადგან ეს სასამართლოზე ზეწოლა იქნებოდა. ჩემი ადმინისტრაციის ბიუჯეტის ნახევარი წავიღე იმაზე, რომ კონსტიტუცია წიგნებად დამებეჭდა და დამერიგებინა, მაგრამ ამ წიგნს არ კითხულობენ - კარგი გამოცემაა და ჯობია წაიკითხონ. რას ნიშნავს მოსამართლეზე ზეწოლა, ან რას ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლა, ძალიან ნათლად წერია ამ წიგნში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს სწორედ კონსტიტუციით აქვს უფლება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. "შთაბეჭდილება მრჩება, ის წიგნი იმისთვის დავბეჭდე, რომ ამოეფარონ მას თავის სიჩუმეში და შეეცადონ რომ მეც გაჩუმებული ვიყო – თურმე პრეზიდენტს არ აქვს უფლება პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს, თეთრზე თეთრი თქვას და შავზე შავი, პრეზიდენტს არ ჰქონია თურმე უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, არავის არ ჰქონია თურმე ამის უფლება. რა კომფორტული წიგნი ყოფილა ეს კონსტიტუცია? - თურმე გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ პირში წყალჩაგუბებულები და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, თურმე არ უნდა განვახორციელოთ. თურმე ამ წიგნში წერია, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევა ქვეყანას დაძაბავს, თურმე ამ წიგნში წერია, რომ კონკრეტულ, უკვე მომხდარ პოლიტიკურ პროცესზე კომენტარი არ უნდა გააკეთო. როგორი კომფორტული წიგნი ყოფილა კონსტიტუცია? არადა კონსტიტუციაში წერია სრულიად საპირისპირო: კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია მოიწვიოს უშიშროების საბჭო, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია რაღაც საკითხებზე ჰქონდეს პოზიცია. იცით რა ვიფიქრე? ხომ არ გავაკეთო აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, რომ იქნებ იქედან უფრო ადვილად მოძებნონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.