ბატონი კვირიკაშვილის განსასაზღვრი იქნება როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან, მაგრამ მე მექნება იგივე დამოკიდებულება, რაც ხელისუფლების ცალკეული შტოების მიმართ აქამდე მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აღნიშნული დამოკიდებულება გულისხმობს თანამშრომლობისადმი მაქსიმალურ მოწოდებას. "ბუნებრივია, ბატონი გიორგის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა და ის, რა დამოკიდებულებაც აქამდე მქონდა ხელისფლების - მთავრობის, პარლამენტის მიმართ არ შეცვლილა. ეს არის მოწოდება, რომ კონსტიტუციით გამიჯნული, მაგრამ ერთმანეთზე დამოკიდებული უფლებამოსილებები მაქსიმალურად ერთად გავნახორციელოთ. მე ამ ორი წლის განმავლობაში ასეთი პოლიტიკა მქონდა ღარიბაშვილთან და ასეთივე პოლიტიკა გაგრძელდება გიორგი კვირიკაშვილთანაც. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთთან უნდა ითანმშრომლონ. არის თემები, რომლებიც ჩვენ გვავალდებულებს სხვას დავეთათბიროთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ელოდება გიორგი კვირიკაშვილისგან მისი მისამართით იგივე ტიპის კრიტიკულ გამონათქვამებს და შეფასებებს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი, ქვეყნის პირველი პირის თქმით, მსგავსი განცხადებები არ აინტერესებს. "ასეთი ტიპის განცხადებები და თემები ყოველთვის ჩემს რადას მიღმა მიდის. ეს არ არის პოლიტიკა, არ არის შინაარსობრივი და არ მაინტერესებს არც მანამდე ნათქვამი და არც მომავალში ვინ რას იტყვის. ეს ნამდვილად არ მადარდებს", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. უშუალოდ პრემიერის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის კონტექსტში კი პრეზიდენტმა განაცხდა, რომ მთავრობის ახალ თავმჯდომარეს წინ ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს. "ბატონ გიორგის აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია და მე მინდა ვუსურვო მას წარმატება ამ გზაზე", - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.