"იმიტომ არ მოვიკითხე მესიჯების საქმე, რომ გაუპატიურებების საქმეზე პასუხს ვერ ვიღებ"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავარ პროკურატურას, ადამიანების წამების საქმეებზე დამდგარ შედეგთან დაკავშირებით, "იმედის" პირდაპირი ეთერის მეშვეობით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ის მიზეზები განმარტა, რომლის გამოც, ალეკო ელისაშვილის მიერ, პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებული მიმოწერა, მან პროკურატურაში არ მოიკითხა.

მანვე ის საქმეები გაიხსენა, რომელიც სისტემური დანაშაულად არის ცნობილი და ადამიანების წამებას ეხება.

"იცით რამდენი მიმოწერაა პროკურატურასთან, მაგრამ რადგან ამ ბოლო დროს ასეთი მიდგომებია ხმას ამოიღებ და რატომ ამოიღეო, არ ამოიღებ და რატომ არ ამოიღეო, მინდა კიდევ ერთხელ მოვიკითხო ეს საქმე. პატივცემულებო, მინდა უკვე მგონი მეხუთედ, პირდაპირ ეთერში საქართველოს პროკურატურას ის საქმეები მოვიკითხო, რომლებიც ცნობილია, როგორც სისტემური დანაშაულები და სადაც ასახულია ადამიანების წამება, კატასტროფა რაც ხდებოდა - რამდენი ადამიანია ამ საქმეებზე ციხეში ჩასმული, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანია ამ საქმეში ეჭვმიტანილი? საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი, მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ არის გაჩერებული სამი წელი და მეტი, მესიჯების საქმე უნდა მომეკითხა? როდესაც მე მიყენებენ პრეტენზიებს, ეს რატომ არ გააკეთე, ან ის რატომ გააკეთე, ძალიან კარგად შეგვიძლია ყველაფერ ჩავუღრმავდეთ. იმიტომ არ მოვიკითხე მესიჯების საქმე, რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთეჯერ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ. მგონია, რომ ჯერ ის უნდა მოვიკითხო და შემდეგ ეს",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.